„კომპიუტერულ პროგრამებზე საერთაშორისო აკრედიტაციას დავკარგავთ“ - ილიაუნის პროფესორი

13.12.25 12:44
„კომპიუტერულ პროგრამებზე საერთაშორისო აკრედიტაციას დავკარგავთ“ - ილიაუნის პროფესორი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი და ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის საერთაშორისო აკრედიტაციისა და განვითარების მენეჯერი, ერეკლე მაღრაძე ამბობს, რომ  "ქართული ოცნების“ ე.წ რეფორმის გამო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტ კომპიუტერულ პროგრამებზე საერთაშორისო აკრედიტაციას დაკარგავს.

მაღრაძე „ბათუმელებისთვის" მიცემულ ინტერვიუში დეტალურად განმარტავს, რა ზიანი შეუძლია მოუტანოს სამწლიანი სწავლების სქემამ კომპიუტერული პროგრამების მიმართულებას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ოთხი ფაკულტეტია და მათ შორის ერთ-ერთია ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტი. ამ ფაკულტეტში არის სამი სკოლა და ერთ-ერთია ტექნოლოგიის სკოლა, რომელიც აერთიანებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს.

საბაკალავრო პროგრამები არის კომპიუტერული მეცნიერების, კომპიუტერული ინჟინერიის, სამოქალაქო ინჟინერიის, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის, არქიტექტურის და მათემატიკის. არის სამაგისტრო პროგრამები – პროგრამული ინჟინერიის, არქიტექტურის და მათემატიკის მიმართულებით და არის ერთი სადოქტორო პროგრამა მათემატიკის მიმართულებით.

ტექნოლოგიის სკოლაში არის კიდევ ბევრი კვლევითი ცენტრი, გამოყენებითი ფიზიკის, ენერგეტიკის და სამოქალაქო ინჟინერიის, ასევე კვანტური ფიზიკის მიმართულებით, ტექნოლოგიის სკოლის სტრუქტურაში შედის ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი ცენტრი, და ბუნებრივია, ამ ყველაფრის არსებობას და განვითარებას ექმნება საფრთხე.

როცა ამბობენ, რომ სამ წლამდე ჩამოდის ბაკალავრიატში სწავლის ხანგრძლივობა, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და დანაშაული იმიტომ, რომ, ჩამოთვლილი საინჟინრო და ტექნოლოგიური პროგრამები, ე.წ. STEM პროგრამები, შეიქმნა „მილენიუმის“ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან და სან დიეგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და ორიენტირებულია საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებაზე.

ამ 4-წლიან პროგრამებიდან, ჯერ მხოლოდ კომპიუტერულ ინჟინერიას აქვს მიღებული როგორც საერთაშორისო აკრედიტაცია (ABET), ასევე ადგილობრივი ქართული აკრედიტაციაც, ხოლო დანარჩენ პროგრამებს ჯერ-ჯერობით აქვთ მიღებული მხოლოდ ადგილობრივი აკრედიტაცია, მაგრამ ორიენტირებულია ABET აკრედიტაციის მიღებაზე. ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლაში, ABET აკრედიტაციის მისაღებად აქტიურად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს მზადება, მაგრამ, თუ ჩვენ იძულებულები ვიქნებით, რომ პროგრამა შევცვალოთ ეს უკვე გამორიცხული იქნება, რადგან სამ წელში ამ ABET-ის სტანდარტებით გათვალისწინებულ საგნებს ვერ ჩავატევთ, არ მოესწრება.

შესაბამისად, ეს სამწლიანი სწავლების სქემა ავტომატურად გულისხმობს, რომ ვერც ილიაუნი და ვერც სხვა ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს ვერ მისცემს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის კვალიფიკაციას რაზეც იყო გათვლილი ეს პროგრამები, რაშიც უზარმაზარი თანხები ჩაიდო, როგორც ამერიკის მთავრობის მხრიდან, ასევე საქართველოს მთავრობის მხრიდან, ასევე ილიას უნივერსიტეტის მხრიდან და შესაბამისად, ეს „რეფორმა“ ამ ყველაფერს ჩამოანგრევს.

ამ ეტაპზე მიდის საუბარი იმაზე, რომ სტუდენტების მიღება შემდეგი წლიდან ფაქტობრივად აღარ გვექნება. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროგრამები განწირულია დახურვისთვის", - ამბობს მაღრაძე. 

 

მსგავსი სიახლეები