ადვოკატთა ასოციაცია დღეს ახალ თავმჯდომარეს ირჩევს

14.12.25 11:26
ადვოკატთა ასოციაცია დღეს ახალ თავმჯდომარეს ირჩევს

ადვოკატთა ასოციაცია დღეს ახალ თავმჯდომარეს ირჩევს. უახლოეს საათებში გაირკვევა, ვინ ჩაანაცვლებს დავით ასათიანს მომდევნო 4 წლით.

ხმას 6000 მდე ადვოკატთა კორპუსის წევრი იურისტი აძლევს, ხელმძღვანელობისთვის კი სამი ძირითადი კანდიდატი იბრძვის. ესენი ირაკლი ჩომახაშვილი, ირაკლი ყანდაშვილი და მუხრან ღურწკაია არიან.

ექსპოჯორჯიას ერთ-ერთ ყველაზე დიდი საგამოფენო სივრცეში კენჭისყრის უბნები უკვე გაიხსნა. 

ხმის დამთვლელ კომისიაში დამკვირვებლად ის იურისტები არიან წარმოდგენილები, რომლებსაც ნდობა თავად კანდიდატებმა გამოუცხადეს. 

ჩვენ სამმა ჯგუფმა მივაღწიეთ იმას, რომ ხმის დამთვლელი კომისია ყოფილიყო ჩვენი სრულად, თუმცა მარტო ეს არ არის დაზღვევა, რომ რამეს არ შეეცდება ადვოკატთა ასოციაციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი. უბრალოდ, ის არის, რომ დღეს არის აქტივობა, რაც მნიშვნელოვანია და მთავარია და აქტივობა ყველაზე მეტად აშინებს ბატონ ირაკლი ყანდაშვილს და მის გუნდს, იმიტომ, რომ ადვოკატების განწყობა ჩვენთვის ცნობილია. ადვოკატებს უნდათ ცვლილებები და ეს ცვლილებები დღეს არის გარდაუვალი, - ამბობს ერთ-ერთი კანდიდატი მუხრან ღურწკაია. 

კიდევ ერთი კანდიდატი ირაკლი ყანდაშვილი ამბობს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ადვოკატთა უფლებები იქნება სრულად უზრუნველყოფილი და გათანაბრებული მართლმსაჯულების სხვა რგოლებთან. 

მე მაქვს მოლოდინი, რომ მოვა ბევრი ადვოკატი, გააკეთებს სწორ არჩევანს და ჩვენ ვუზრუნველყოფთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში განვითარებას ადვოკატის პროფესიის და თითოეული ადვოკატის უფლებრივ ზურუნველყოფას, გათანაბრებას მართლმსაჯულების სხვა რგოლებთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადვოკატის უფლებები განუხრელად იქნება დაცული მომდევნო 4 წლის განმავლობაში, - ამბობს ირაკლი ყანდაშვილი.  

ადვოკატების უფლებების დაცვის უზრუნველყოფაზე საუბრობს ირაკლი ჩომახაშვილიც. მისი თქმით, გამარჯვეის შემთხვევაში, სწორედ ეს იქნება პრიორიტეტი. 

„ჩვენ გუშინ გვქონდა საერთო კრება, სადაც ავირჩიეთ კომისიის წევრები. კოალიციურად შევთანხმდით საარჩევნო კომისიის წევრების კანდიდატურებზე და 15-ივე საარჩევნო კომისიის წევრი ჩვენ ავირჩიეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო უბნის უსაფრთხოების დაცვას მაქსიმალურად შევეცადეთ. დღეს უკვე პროფესიის დაცვა ადვოკატების და ჩვენი მოვალეობაა, შესაბამისად, ყველას მინდა აქტიურობისკენ მოვუწოდო, ვინაიდან ჩვენს პროფესიაში დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და პერიოდია. ჩვენი პრიორიტეტი როგორც აქამდე, ასევე იქნება ადვოკატის უფლებების განუხრელი დაცვა. ვაპირებთ ცვლილებებს, მათ შორის, უფლებების დაცვის კომიტეტის ნაწილში. უამრავი გამოწვევა იქნება ჩვენს წინაშე, ყოველდღიურად ვინაიდან ვხედავთ, რომ ადვოკატის უფლებები ირღვევა. ჩვენ N1 რასაც უზრუნველვყოფთ არის ის, რომ ყველა ადვოკატის, განურჩევლად შეხედულებისა, დავიცავთ“, - განაცხადა ჩომახაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების შედეგები დღის ბოლოს, 20:00 საათისთის გახდება ცნობილი.  

მსგავსი სიახლეები