კოლეგიალურად გადავწყვეტთ, ვინ უხელმძღვანელებს ადვოკატთა ასოციაციას - დავით ასათიანი
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი მაღალი აქტიურობით, დემოკრატიულად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ხაზს უსვამს, რომ ეს არის პროფესიული არჩევნები და არა პოლიტიკური პროცესი. მისი თქმით, კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლია 5650 ადვოკატს, ხოლო ორი დღის განმავლობაში შექმნილია ყველა პირობა, რათა წევრებმა თავისუფლად გამოხატონ ნება და ხმა მისცენ საკუთარ რჩეულს.
ასათიანის შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანია საერთო ჯამში ნორმალურად წარიმართა - კოლეგებს შორის ურთიერთპატივისცემის განცდა მაღალია, მიუხედავად ცალკეული გამონაკლისებისა.
„დიდი აქტიურობაა, ამ არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია 5650 ადვოკატს. ამ ორი დღის განმავლობაში, ჩვენ ძალიან დემოკრატიულად, გამჭვირვალედ შევქმენით ყველა პირობა, რომ ადვოკატებმა გამოხატონ თავიანთი ნება და თავიანთ რჩეულს მისცენ ხმა, რათა მმართველმა ორგანოებმა განაგრძონ ის საქმიანობა, რაც დაწყებულია ამდენი ხნის განმავლობაში.
წინასაარჩევნო კამპანია, ვფიქრობ, ნორმალურად წარიმართა. ჩვენ კოლეგები ვართ, პროფესიონალი ადვოკატები ვართ და შესაბამისად, გვაქვს ურთიერთპატივისცემის დიდი განცდა და შეგრძნება. რა თქმა უნდა, თავისი გამონაკლისები არსებობს, მაგრამ ერთიანობაში პროცესი დემოკრატიულად მიმდინარეობს. ეს არის პროფესიული არჩევნები და არ არის პოლიტიკური ან რაიმე სხვა ტიპის. ჩვენ კოლეგიალურად გადავწყვეტთ, ვინ უხელმძღვანელებს ასოციაციას მომავალი 4 წლის განმავლობაში”, - განაცხადა ასათიანმა.
დღეს ადვოკატთა ასოციაცია ახალ მმართველ ორგანოებს ირჩევს — თავმჯდომარეს, აღმასრულებელ საბჭოს, ეთიკის კომისიასა და სარევიზიო კომისიას.