"ნუ მირტყამ!" - "პირველებმა" ფანასკერტელის ქუჩაზე საპოლიციო ღონისძიების კადრები მოიპოვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ძალადობაში ადანაშაულებენ. „ნუ მირტყამ“ - ეს ფრაზა ისმის მძიმე ვიდეოკადრებში, რომელიც „პირველებმა“ მოიპოვა.
ვიდეოში ჩანს მამაკაცი, რომელსაც პოლიცია დაუმორჩილებლობის ბრალდებით აკავებს, თუმცა დაკავებამდე ის შველას ითხოვს. მომხდარის თვითმხილველებიც ჰყავს.
იქით გააჩერეს მანქანა. მეზობლები იძახოდნენ, "მხეცებო, რატომ ურტყამთო?!" მე გვიან გავიგე. იმას შევეწარი უკვე, რომ აქედან გადაიყვანეს, ქეჩოში რომ მოკიდა ხელი, ის კი ვნახე. "რაებს მიშვებითო, პატარა ბავშვი მყავსო"..., - ყვება "პირველებთან" მეზობელი.
ერთი ამბავი იყო, ერთმანეთს ეჭიდავებოდნენ ბიჭები და ნასვამები იყვნენ, მემგონი. ხმაური რომ იყო გადავიხედე. ერთი სამი ბიჭი იყო, ეძიძგილავებოდნენ ერთმანეთს> "დაკავებული ხართო" - ეს ხმა მესმოდა, - ყვება კიდევ ერთი მეზობელი.
"პირველებმა" ის სამმართველო დაადგინა, რომელმაც ფანასკერტელის ქუჩაზე საპოლიციო ღონისძიება ჩაატარა. საუბარია მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე მეხუთე სამმართველოზე.
"პირველები" დაინტერესდა, რა საპოლიციო ღონისძიებას ჰქონდა ადგილი ფანასკერტელის ქუჩაზე, თუმცა სამმართელოს თანამშრომლები კითხვას პასუხს არ სცემენ. პოლიციელები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ კითხვებთან დაკავშირებით შსს-ს პრესცენტრს უნდა მივმართოთ.