“მეუფე შიომ უკვე დაიწყო პატრიარქობა“ - რას უკავშირებს საპატრიარქოში მეორედ დაბარებას მამა დოროთე
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოში მეორედ დაიბარეს. იმავე კომისის სხდომაზე არქიმანდრიტი ერთხელ უკვე დასაჯეს და ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვარობიდან გადააყენეს.
საპატრიარქოდან გზავნილი მამა დოროთემ მას შემდეგ მიიღო, რაც რეპრესიული კანონების შემდეგ მღვდელმა ყოველ საღამოს რუსთაველზე პარაკლისი ჩანიშნა.
თავად სასულიერო პირი კომისიაზე მისვლას არ აპირებს და მიიჩნევს, რომ მისი დაბარების ერთ-ერთი მიზეზი ასევე მის მიერ დაწერილი პოსტია, სადაც მან კობახიძის გადადგომა მოითხოვა.
პოსტი დავწერე, რომ პრემიერი უნდა გადადგეს, პრემიერი, რომელიც ხალხს წამლავს არ შეიძლება იყოს ქვეყნის პრემიერი, მე იგივეს ვაცხადებ და მოვა დრო, რომ ის გადადგება და აუცილებლად დაჯდება განსასჯელის სკამზე. სწორედ მაგას უკავშირდება, ესენი ხომ ეკლესიას სრულიად აკონტროლობენ და როგორ შეიძლება იყოს მღვდელი, რომელიც ასეთ რამეს ბედავდეს. მეუფე შიომ უკვე დაიწყო პატრიარქობა, პატრიარქთან არ გვიშვებს, თვითონვე წყვეტს. სინოდი მოსპეს, სინოდს არ იწვევენ, სინოდალური კომისიაც მოსპო, დატოვა ერთადერთი კომისია, რომელიც თვითონ ჭრის და თვითონ კერავს, - ამბობს დოროთე ყურაშვილი.