სუროგაციის შავი ბაზარი საქართველოში? - ქალები უმძიმეს ისტორიებს ჰყვებიან

15.12.25 20:46
სუროგაციის შავი ბაზარი საქართველოში? - ქალები უმძიმეს ისტორიებს ჰყვებიან

საქართველო დიდი საერთაშორისო სკანდალის ეპიცენტრშია - გავლენიანი ამერიკული გამოცემა New York times-ი, საქართველოში სუროგაციის შავ ბიზნესზე წერს. ათობით მსხვერპლი ამბობს, რომ მოატყუეს, ქვეყანაში უშვილო წყვილებისთვის ბავშვების გასაჩენად ჩამოიყვანეს, მაგრამ საქმე კვერცხუჯრედების სავარაუდო ქურდობამდეც კი მივიდა. 

New York times-მა იმ ქალების შემზარავი ისტორიები შეაგროვა, ვინც ყველაფერი საკუთარ თავზე გადაიტანა. ის ვინც გაქცევა და სამშობლოში დაბრუნება შეძლო ამბობს, რომ საქართველოში სიკვდილს ნატრობდა. ქალები, რომლებიც თავის დროზე ტრეფიკინგის მსხვერპლები სხვა ქვეყნებში გახდნენ და მასაჟისტობის დაპირების ნაცვლად სექს-მუშაკობას აიძულებდნენ ამბობენ, რომ თბილისის იდუმალ სახლებში გამოკეტილებს, ხშირად თვითმკვლელობაზეც უფიქრიათ. 

წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა მაშინვე იწყებოდა, როგორც კი ტაილანდელი ქალები თბილისში ჩამოყავდათ. New York times-ი წერს რომ ამის შემდეგ ქალებს პასპორტებს ართმევდნენ და გაუსაძლის პირობებში ხუთ სხვადასხვა სახლში აცხოვრებდნენ. ზოგიერთი ქალი ამბობს, რომ სუროგაციისთვის ქვეყანაში ჩამოყვანილებს თითების დამტვრევითაც ემუქრებოდნენ, თუ ვინმე წესებს დაარღვევდა და გაქცევას გადაწყვეტდა.

ტაილანდელი ქალები ამტკიცებენ, რომ საეჭვო სამედიცინო მანიპულაციებს თბილისში, კლინიკა ლიდერ მედიში უტარებდნენ. New York times-სთვის მიცემულ ინტერვიუში სუროგატი დედები აცხადებენ, რომ ისინი პალატებში შეყავდათ მაგრამ არ ეუბნებოდნენ რას უკეთებდნენ. თბილისში ჩამოყვანილი ტაილანდელი ქალების სავარაუდო წამება სწორედ ანალიზების გაკეთებით იწყებოდა. 

დეტალები ნახეთ გუგა არჩვაძის სიუჟეტში

მსგავსი სიახლეები