დღეს უწყვეტი პროტესტის 385-ე დღეა - რას იზამს შსს? [კომენტარი]

17.12.25 13:41
დღეს უწყვეტი პროტესტის 385-ე დღეა - რას იზამს შსს? [კომენტარი]

დააკავებენ თუ არა მოქალაქეებს, რომლებიც დღეს რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავენ? ამ კითხვით "პირველებმა" შს მინისტრის მოადგილეს მას შემდეგ მიმართა, რაც გუშინ პოლიციამ მოქალაქეები არაერთგზის გააფრთხილა, რომ ახალი კანონის თანახმად იმოქმედებდნენ. საუბარია შეკრება-მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილ ახალ ცვლილებებზე.

ალექსანდრე დარახველიძე კითხვას გადაჭრით ვერ პასუხობს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ პოლიციას კანონის შესაბამისად მოქმედება მოუწევს. მისი თქმით, თუ აქციის გამართვის შესახებ პოლიციაში გაფრთხილება შესული არ არის, მოუწევთ სამართალდამრღვევათ კოდექსის 147 მუხლით მოქმედება. 

ჩვენ ვიმოქმედებთ შეკრება-მანიფესტაციების შესახებ კანონით განსაზღვრული დებულებების შესაბამისად. კანონში შავით თეთრზე წერია ყველა წესი, როგორ უნდა ჩატარდეს მანიფესტაცია, შესაბამისად, როგორც წარიმართება შეკრება-მანიფესტაცია, იმის მიხედვით იმოქმედებს პოლიცია. თუკი კანონის მოთხოვნები დაირღვევა, ვიმოქმედებთ შესაბამისად. 

თუკი შეკრება-მანიფესტაცია ტარდება ისე, რომ გაფრთხილება არ არის შესული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, ამ შემთხვევაში, უფლება აქვს პოლიციას, იმოქმედოს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევათ კოდექსის 147 მუხლით, - ამბობს დარახველიძე. 

სამოქალაქო აქტივისტები კი ამბობენ, რომ აქციის გამართვას ნებართვა არ სჭირდება და საკმარისია მხოლოდ გაფრთხილება, რაც პოლიციის დეპარტამენტში უკვე შეიტანეს. 

აქციის გამართვას არ სჭირდება ნებართვა ახალი კანონითაც კი. მართალია, გუშინ იყო საპატრულოს დეპარტამენტის თანამშრომელი და თქვა, რომ ნებართვა გვჭირდებადოთო და მსგავსი არაფერი წერია კანონში. უბრალოდ, საჭიროა, მხოლოდ და მხოლოდ გაფრთხილება, რომ ატყობინებ შსს-ს და მორჩა ამით. არ ვაპირებთ, რაიმე ნებართვას დაველოდოთ, იმიტომ, რომ ნებართვა არ გვჭირდება. გუშინდელი მათი მოწოდებაც და გაფრთხილებაც იყო უკანონო და დღესაც თუ რამეს დააპირებენ, იქნება უკანონო, იმიტომ, რომ არა მხოლოდ მე, კიდევ, მინიმუმ, ორ ადამიანს, რაც ვიცი, აქვს შეტანილი გაფრთხილებები, რომლებზეც პასუხი თუ უნდოდა შსს-ს, ამ პასუხის ვადა უკვე გაშვებულია. დღეს რომ მოვიდეს შსს და გვითხრას, რომ თქვენს განცხადებებში რაღაც არ მოგვწონსო, ამაზე უნდა ეზრუნათ თავის დროზე, - ამბობს მიხეილ ზაქარეიშვილი.

იურისტი კახა წიქარიშვილი განმარტავს, რომ გაფრთხილება შსს-შ შეტანილია და თუკი რაიმე პრეტენზია არსებობდა სამართალდამცველების მხრიდან, ამის შესახებ მოქალაქეებისთვის 3 დღის განმავლობაშ უნდა ეცნობოდათ. მისი თქმით, ამგვარი პრეტენზია არ არსებობს, პასუხის გცემის ვადაც ამოწურულია და შესაბამისად, აქციის ჩატარება უკანონობად ვერ ჩაითვლება.  

შსს-ს დამიდასტურა, რომ მიიღო ეს განცხადება და სამ დღეში უნდა მოეწერათ ან სიტყვიერად უნდა ეთქვათ, თუ ჰქონდათ რაიმე პრეტენზია ამ აქციასთან დაკავშირებით. "ქართული ოცნების" მიერ მიღებული კანონის თანახმად, შსს-ს თუ აქვს რაიმე პრეტენზია, სამ დღეში უნდა თქვას ამის შესახებ. გასულია 5 ან 6 დღე. არანაირი პრეტენზია არ ჰქონიათ, შესაბამისად, ეს განცხადება ძალაშია, მოქმედებს და რუსთაველზე აქცია არის კანონიერი, - ამბობს კახა წიქარიშვილი. 

ცნობისთვის, "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებები "ქართული ოცნების" პარლამენტმა მესამე მოსმენით 10 დეკემბერს მიიღო.  

ცვლილებების თანხმად, აქციის ჩასატარებლად შსს-დან ნებართვის აღება ხდება სავალდებულო. 

ამასთან, თუ შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეები არ დასთანხმდებიან შსს-ს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილს და თვითონ შერჩეულ ადგილზე ჩაატარებენ აქციას მონაწილეებს 15, ხოლო ორგანიზატორებს 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრებათ.

მსგავსი სიახლეები