ცნობილია, რამდენი ათასი ლარი დაიხარჯება მუსიკოსების ჰონორარებში ბათუმში

17.12.25 17:23
ცნობილია, რამდენი ათასი ლარი დაიხარჯება მუსიკოსების ჰონორარებში ბათუმში

საახალწლოდ ბათუმში მუსიკოსების ჰონორარებში 428 ათასი ლარი დაიხარჯება - ცნიობილია, რომ მერია ევროპის მოედანზე საახალწლო ღონისძიებების გამართვას 20 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით პერიოდში გეგმავს.

ბიუჯეტის ფული გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე დაიხარჯება.

ახალი წლის ღონისძიებებისთვის ბათუმში დაიხარჯება მთლიანობაში 1 მილიონ 667 ათას 609 ლარი. მათ შორის:

  • ბათუმში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე ტენდერში გამარჯვებულ შპს „ბეტა პრინტთან“ ორი ხელშეკრულებაა გაფორმებული ჯამში 263 ათას 549 ლარზე.
  • საახალწლო დღეებში მანათობელი კონსტრუქციებით ბათუმის გაფორმებისთვის კი [მათ შორის მთავარი ნაძვის ხის აწყობა-დაშლა] ხელშეკრულება შპს „აჭარგანათებასთან“ გაფორმებულია 976 ათას 60 ლარზე.
  • ღონისძიებებში მონაწილეთა ჰონორარებში კი 428 ათასი ლარი დაიხარჯება.

„ბათუმში ევროპის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქის მერია „საახალწლო ქალაქის“ მოწყობას და მრავალფეროვანი ღონისძიებების გამართვას გეგმავს, რომელიც 2025 წლის 20 დეკემბერს ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონიით დაიწყება“ – წერს ბათუმის კულტურის ცენტრი.

2025 წლის 31 დეკემბერს კი, ევროპის მოედანზე განთავსებულ სცენაზე გაიმართება საახალწლო გალა კონცერტი.

ბათუმში, 2025 წლის 20 დეკემბრიდან, 2026 წლის 7 იანვრის ჩათვლით პერიოდში გასამართ ღონისძიებებში მონაწილეთა სია.

წყარო: ბათუმის კულტურის ცენტრი

„ძირითადად აქცენტი გაკეთებული იქნა ცნობილ და ყველაზე მოთხოვნად შემსრულებლებზე. გასათვალისწინებელი იყო ასევე, რომ ვინაიდან საახალწლო–საშობაო დღესასწაულებთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია საზეიმო და კულტურული ღონისძიებები, შესაბამისად, ბათუმში დაგეგმილი კონცერტებისთვის კონკრეტული კულტურული კოლექტივების საბოლოო შერჩევა დამოკიდებული იყო მათ გრაფიკზე, რამდენად შეძლებდნენ შეთავაზებული პირობებისა და ვადების მიხედვით კონცერტებში მონაწილეობის მიღებას.

შესაბამისად, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ მიმდინარე წლის 10 დეკემბერს დამტკიცებულ იქნა საახალწლო-სადღესასწაულო ღონისძიებათა პროგრამა, კომისიის მიერ განისაზღვრა ღონისძიებებში მონაწილე თითოეული ბენდი, სტუდია და სოლოშემსრულებლები.

ახალი წლის მუსიკალური კონცეფცია განისაზღვრა როგორც საავტორო, საკუთარი ცოცხალი მუსიკის წარდგენა ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის.

ასევე, ვინაიდან „ბათუმის კულტურის ცენტრის“ მიერ განსახორციელებელი საახალწლო კონცერტების ორგანიზება მოიცავს: მონაწილეთა ჰონორარებს და ვინაიდან ღონისძიების ჩატარება შეზღუდულ ვადებში უნდა განხორციელდეს და საახალწლო ღონისძიებების, ისევე, როგორც ზოგადად სხვა კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, ძირითადად საავტორო სამუშაოსთან არის დაკავშირებული, შესყიდვის ელექტრონული ტენდერის პროცედურების მეშვეობით შესყიდვა მოითხოვდა განსაზღვრულ ვადებს, რასაც შესაძლოა, ღონისძიების შეფერხებით ჩატარება ან ჩაშლა გამოეწვია.

დაგეგმილი ღონისძიებების მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით და მათი მაღალ დონეზე და შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიზანშეწონილია აღნიშნული მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“ – წერს ბათუმის კულტურის ცენტრი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

ბათუმი, ევროპის მოედანი, 17 იანვარი/2025 წელი

ინფორმაცია "ბათუმელებმა" გაავრცელა. 

მსგავსი სიახლეები