"კავშირები ნათლად აჩვენებს მიუკერძოებელი გამოძიების აუცილებლობას" - ბრიტანელი ექსპერტი ქიმიური ნივთიერების სკანდალზე

18.12.25 00:10
"კავშირები ნათლად აჩვენებს მიუკერძოებელი გამოძიების აუცილებლობას" - ბრიტანელი ექსპერტი ქიმიური ნივთიერების სკანდალზე

სამეფო გაერთიანებული თავდაცვის კვლევის ინსტიტუტის (RUSI-ის) მკვლევარი ექსპერტი, ლენი ფილიპსის განცხადებით, საქართველოში ქიმიური ნივთიერების სავარაუდო გამოყენების ფაქტზე, BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე, საერთაშორისო გამოძიება აუცილებელია. ამის შესახებ მან "პირველებთან" ინტერვიუში ისაუბრა. 

მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან სწორი პირველი ნაბიჯი იქნებოდა ქიმიური ნივთიერების საცავის ჩვენება ეტიკეტებთან ერთად. ასევე შესაძლებელი იქნებოდა საჯარო საინფორმაციო ვიდეოს მომზადება, სადაც ნაჩვენები იქნებოდა ნარევების წარმოების პროცესი.

სწორი პირველი ნაბიჯი იქნებოდა ქიმიური ნივთიერების საცავის ჩვენება ეტიკეტებთან ერთად, შესაძლოა მომწოდებლების იდენტობის დამალვით. ასევე შესაძლებელი იქნებოდა საჯარო საინფორმაციო ვიდეოს მომზადება, სადაც ნაჩვენები იქნებოდა ნარევების წარმოების პროცესი. სამწუხაროდ, მხოლოდ UN ნომრების უკან დამალვა ნდობასა და საზოგადოების რწმენას არ აძლიერებს. ქიმიური იარაღის კონვენციის მიხედვით, მასობრივი კონტროლის აგენტმა (RCA) უნდა გამოიწვიოს ხანმოკლე სენსორული გაღიზიანება, რომელიც ზემოქმედების დასრულების შემდეგ სწრაფად ქრება...

უფრო ფორმალური გამოძიების გარეშე საბოლოო დასკვნების გამოტანა რთულია. თუმცა ეს აშკარა კავშირები ნათლად აჩვენებს მიუკერძოებელი გამოძიების აუცილებლობას," - განაცხადა ლენი ფილიპსმა. 

ჟურნალისტის კითხვაზე ტანსაცმლის ან პირადი ნივთების ანალიზი, რომლებიც შესაძლოა ერთი წლის წინ დაბინძურდა? - მკვლევარი პასუხობს, რომ შესაძლებელია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მიიღება საბოლოო და გადამწყვეტი შედეგები. 

ეს შესაძლებელია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მიიღება საბოლოო და გადამწყვეტი შედეგები. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, როგორ ინახებოდა დაბინძურებული მასალა. ჰერმეტულად დახურული პაკეტი და ბნელი გარემო ზრდის დადებითი შედეგის მიღების ალბათობას," - ამბობს ის. 

ლენი ფილიპსი განმარტავს, რომ "ქართული ოცნების" მიერ ნახსენები ტრიქლორეთილენი არის კანცეროგენი და მისი ადგილი უნდა იყოს ისეთ გარემოში, სადაც მას არ აქვს კონტაქტი ადამიანებთან ან ცხოველებთან.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოსცა ტრიქლორეთილენის ტოქსიკოლოგიური მიმოხილვა. ბოდიშს ვიხდი, მე მას ხშირად „ტრაი“-ს ვეძახი, რადგან ქიმიურ ინდუსტრიაში ვმუშაობდი ქარხანაში, რომელიც წელიწადში ათეულობით ათას ტონას აწარმოებდა ტრიქლორეთილენს. ამ მითითებაში ნათქვამია და ვციტირებ: ტრიქლორეთილენთან ქრონიკულმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვული სისტემის, ღვიძლისა და თირკმლის დაზიანება. მამაკაცებში, რომლებიც ტრიქლორეთილენთან პროფესიულად იყვნენ კონტაქტში, აღწერილია ნაყოფიერებაზე უარყოფითი გავლენა. ტრიქლორეთილენი კლასიფიცირებულია როგორც ადამიანისთვის კანცეროგენული ნივთიერება.

რაც შეეხება მის ღია სივრცეში გამოყენებას, პირადად მე ამას მიზანშეწონილად არ მივიჩნევ. თუმცა ასეთი გადაწყვეტილებები საბოლოოდ ხელისუფლებების პასუხისმგებლობაა და თუ ის მცდარად მიიჩნევა, საზოგადოებამ და ინსტიტუტებმა უნდა გააპროტესტონ და გაასაჩივრონ...

კიდევ ერთხელ, ქლორირებული გამხსნელის გავრცელება არ არის რეკომენდებული. ტრიქლორეთილენი არის კანცეროგენი და მისი ადგილი უნდა იყოს ისეთ გარემოში, სადაც მას არ აქვს კონტაქტი ადამიანებთან ან ცხოველებთან," - აღნიშნა ლენი ფილიპსმა. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

სუს-ის განცხადებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი. 

მსგავსი სიახლეები