„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებელი განცხადებას ავრცელებს
"საქართველოს კაპიტალის" ადვოკატის კომენტარს, „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებელი, ნათია ჯანაშია საგანგებო განცხადებით პასუხობს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს კაპიტალის ადვოკატის განცხადება შეიცავს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას, რაც, უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.
• ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში ნათია ჯანაშიას მიერ წილის 70%-ის გასხვისების პირობა ე.წ. „ინვესტორის“ მიერ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების აუცილებლობა იყო. ინვესტორმა, რომელსაც არც კი უფიქრია მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ინვესტიციის განხორციელებასა და ახალი კამპუსების მშენებლობაზე, წილი, ფაქტობრივად, საბაზროზე დაბალ ფასად, საინვესტიციო ვალდებულების შესრულების რეალური განზრახვის გარეშე, მოტყუებით შეიძინა. მოგვიანებით კი, სკოლისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ხარჯზე, თავისი უძრავი ქონება გაამდიდრა ისე, რომ უარი განაცხადა, აღნიშნული უძრავი ქონება, მხარეებს შორის შეთანხმებული წესით - ნულოვანი ღირებულებით შეეტანა ბრიტანულ-ქართული აკადემიის კაპიტალში.
• სწორედ ზემოაღნიშნულ, „ინვესტორის“ შესაძლო დანაშაულებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ნათია ჯანაშიას განცხადების საფუძველზე. რაც შეეხება „ინვესტორის“ „ბრალდებას“ ნათია ჯანაშიას წინააღმდეგ, ის იმდენად კომიკურია, რომ ინვესტორი საჯაროდ ვერც კი აცხადებს, თუ რას ედავება ნათია ჯანაშიას. 13 დეკემბრის პრესკონფერენციაზეც ითქვა და კიდევ ერთხელ უნდა დაფიქსირდეს, რომ „ინვესტორის“ კომიკური „ბრალდების“ თანახმად, ნათია ჯანაშიას შვილებს უფასოდ არ უნდა ესწავლათ ნათია ჯანაშიას მიერ დაფუძნებულ სკოლაში, მითუმეტეს, რომ როგორც ნათია ჯანაშიას შვილების, ისე სხვა, შეღავათით მოსარგებლე ბავშვების, სია წინასწარ, წილის გასხვისებამდე იყო შეთანხმებული ე.წ. „ინვესტორთან“. შესაბამისად, სახეზეა „საქართველოს განათლების ჯგუფის“ ცრუ ბრალდება ნათია ჯანაშიას წინააღმდეგ.
• მიუღებელია, რომ ე.წ. „ინვესტორის“ წარმომადგენელი ცდილობს სკოლისა და „ინვესტორის“ – „საქართველოს განათლების ჯგუფის“ გაიგივებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ნათია ჯანაშია დავას აწარმოებს 70% წილის მფლობელი პარტნიორის და არა სკოლის მიმართ. პირიქით, სკოლის დისკრედიტაციას ე.წ. „ინვესტორი“ ახდენს სკოლისათვის დამაზიანებელი ქმედებებით. 2025 წლის თებერვლიდან ე.წ. „ინვესტორმა“ სამჯერ შეცვალა სკოლების დირექტორი, სამივე შემთხვევაში არაკვალიფიციური პირით, ასეთივე არაკვალიფიციური პირი დანიშნეს სკოლის აკადემიურ დირექტორადაც. ყველა შემთხვევაში აფრთხილებდა ნათია ჯანაშია ე.წ. „ინვესტორს“ აღნიშნული პირების დანიშვნის შესაძლო სავალალო შედეგებთან დაკავშირებით. პირველად სკოლის დირექტორად დანიშნეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, პორნოგრაფიული ნაწარმოებების ავტორი, რომლის ნაწარმოებები იძებნება საჯარო წყაროებში - ინტერნეტში. ნათია ჯანაშია აფრთხილებდა „ინვესტორს, რომ დირექტორის კანდიდატად ინვესტორის მიერ შერჩეული პირი მიდრეკილია სექსუალური შინაარსის მქონე ნაწარმოებების შექმნისა და გასაჯაროებისკენ, რაც საჭიროებდა საფუძვლიან შემოწმებას მის დანიშვნამდე იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული სახის სექსუალური, უფრო მეტიც – პორნოგრაფიული შინაარსის შემცველი ნებისმიერი სახის ნაწარმოების/ვიდეოს და ა.შ. პოპულარიაზია და გასაჯაროება საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრძალულია კანონით. შესაბამისად, წარმოდგენილი კანდიდატურა მინიმუმ მაღალი რისკის მატარებელი იყო „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციების გათვალისწინებითაც. ასეთი პირი „ინვესტორმა“ მაინც დანიშნა დირექტორად, რითიც რისკის ქვეშ დააყენა არასრულწლოვანთა ფიზიკური და ფსიქიკური უსაფრთხოება. ნათია ჯანაშიასა და მშობლების პროტესტის ფონზე, ინვესტორი იძულებული გახდა შეეცვალა აღნიშნული პირი ახალი კანდიდატურით - გიორგი კეთილაძით, რომელიც სრულიად გამოუცდელი და არაკვალიფიციურია განათლების სფეროში.გიორგი კეთილაძის არაპროფესიონალიზმი ნათლად გამოჩნდა მის მიერ სკოლების დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებაში, მათ შორის, სკოლებიდან ღირსეული, კვალიფიციური პედაგოგების გათავისუფლებასა და სკოლებში ნათია ჯანაშიას მიერ დანერგილი მაღალი სტანდარტებისათვის საფრთხის შექმნაში. კეთილაძემ რიგ შემთხვევაში თვითონ გაათავისუფლა სკოლებიდან პროფესიონალი პედაგოგები, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, აიძულა ისინი, სკოლები დაეტოვებინათ. გიორგი კეთილაძის არაპროფესიონალიზმის, მის მიერ მიღებული გაუმართლებელი გადაწყვეტილებების გამო, სკოლებიდან ბავშვების გადინება და ახალი ნაკადის მკვეთრი კლება მოხდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ბრიტანულ-ქართულ აკადემიასა და თბილისის ბრიტანულ საერთაშორისო სკოლას.
2025 წლის ოქტომბერში „ინვესტორმა“ სკოლების დირექტორად დანიშნა ისევ განათლების სფეროში გამოუცდელი პირი, გაკოტრების მმართველის სამუშაო გამოცდილებით. აღნიშნული პირი, გარდა იმისა, რომ სკოლის დირექტორისათვის დადგენილ ვერცერთ კრიტერიუმს პასუხობს და გაკოტრების სპეციალისტია, ბრიტანული საერთაშორისო სკოლებისათვის სავალდებულო სტანდარტებით, მაღალი რგოლის მენეჯმენტისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მოსწავლეთა უსაფრთხოებასა და დაცულობას.
ყველა ზემოაღნიშნული გარემოება გახდა მიზეზი იმისა, რომ სკოლებიდან დაიწყო ბავშვებისა და კვალიფიციური პედაგოგების გადინების შეუქცევადი პროცესი და ახალი მოსწავლეების რაოდენობის კლება, რამაც მნიშვნელოვანი ფინანსური და რეპუტაციული ზიანი მიაყენა სკოლებს"- ნათქვამია განცხადებაში.