წელს საქართველოდან რუსეთში 34,600 მეორადი მსუბუქი ავტომობილი გავიდა

18.12.25 13:44
წელს საქართველოდან რუსეთში 34,600 მეორადი მსუბუქი ავტომობილი გავიდა

რუსული ანალიტიკური სააგენტო „ავტოსტატის“ დირექტორმა, სერგეი ცელიკოვმა, თავის Telegram არხზე გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში 34,600 მეორადი მსუბუქი ავტომობილი გავიდა. მისი თქმით, ეს თითქმის სამჯერ (+218%) მეტია გასული წლის პირველი 11 თვის მაჩვენებელზე. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" წერს. 

გამოცემა წერს, რომ ცელიკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მედიაში ადრე გამოქვეყნებული მონაცემები, რომ საქართველოში მესამე ქვეყნებში (მათ შორის ყირგიზეთსა და ყაზახეთში) ექსპორტისთვის რეგისტრირებული ავტომობილები რეალურად იგზავნება რუსეთში დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით.

  • ცელიკოვის მიერ მოყვანილი მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის; ის მიღებულია ოფიციალური ელექტრონული პასპორტების სისტემიდან.

"ავტოსტატის" მონაცემებით, მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოდან რუსეთში 4,778 მეორადი მსუბუქი ავტომობილი (სამ წელზე მეტი ასაკის) გავიდა, რაც გასული წლის ნოემბერთან შედარებით 3.3-ჯერ (+227%) ზრდას წარმოადგენს.

ამასობაში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები აჩვენებს, რომ იანვრიდან ოქტომბრამდე საქართველოდან რუსეთში მხოლოდ რვა ავტომობილი იქნა ექსპორტირებული, რომელთა ღირებულება 139,300 აშშ დოლარს შეადგენს.

  • ოფიციალური მონაცემებით, საქართველოდან ყირგიზეთში რეექსპორტის ღირებულებამ წელს 1.1 მილიარდ აშშ დოლარს (35,225 ავტომობილი) გადააჭარბა, ხოლო ყაზახეთში - 639 მილიონ აშშ დოლარს (37,093 ავტომობილი).

ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" ინტერესში არ შედის, აჩვენოს, რომ საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი უკვე შეიძლება რუსეთია. 

რუსეთში, როგორც ჩანს, აღრიცხვა ხდება მანქანების, რომლებიც სინამდვილეში შემოდის რუსეთში, ისინი არ უყურებენ ქაღალდზე წერია თუ არა ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი. ხოლო ამ შემთხვევაში, საქართველოში ის რვა მანქანა, თუ ათი მანქანა, თუ 20 არის მხოლოდ ის მანქანები, სადაც ადრესატი, დანიშნულება არის რუსეთი. საქართველოდან მილიარდის მანქანაა გასული ყირგიზეთში და ყირგიზეთში ჩასული არის ათჯერ, ოცჯერ ნაკლები. რატომ? - იმიტომ, რომ ეს მანქანები არასდროს არ ჩადის ყირგიზეთში. 

"ქართული ოცნების" ინტერესში არ შედის, აჩვენოს, რომ სინამდვილეში ჩვენი შეიძლება მთავარი სავაჭრო პარტნიორი უკვე არის რუსეთი. გავხდით, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმწოდებლები ავტომანქანების რუსეთის ბაზარზე. ესეც იქნება კიდევ ერთი დარტყმა. ასეთი დამოკიდებულების გაჩენა შემდეგ მტკივნეული არის ეკონომიკისთვის იმიტომ, რომ ეს შეიძლება ერთ დღეში დასრულდეს," - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა. 

ეკონომისტი პაატა ბაირახტარი აღნიშნავს, რომ ყველამ იცის, ავტომობილები, რომელიც შუა აზიაში "მიემართება" გზაში რუსეთისკენ "უხვევს". 

ყველამ კარგად იცის, დაწყებული რიგითი ავტო-იმპორტიორიდან, გაგრძელებული სამთავრობო მაღალი დონეებიდან, რომ ის ავტომობილები, რომელიც შუა აზიაში "მიემართება" გზაში გადაუხვევს ხოლმე რუსეთის მიმართულებით. ეს ყველასთვის იმდენად ცნობილი და ცხადი არის, რომ ამაზე რაიმე სტატისტიკების მოშველიება, რა თქმა უნდა, უკვე უბრალოდ ზედმეტი არის, ყველამ ყველაფერი იცის ამის შესახებ. უბრალოდ ახლა მოცემულობა იკვეთება ისეთი, რომ ამით ყველა ხეირობს, ყველა ხელს იბანს, ყველა ხელი ხელს ბანს და მოდი ჩუმად ვიყოთ, ეს არის ამბავი," - ამბობს პაატა ბაირახტარი.

მსგავსი სიახლეები