ანასტასია ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს, შეტევების დროს საწოლიდან ვერ დგება, მარჯვენა ხელისა და ფეხის თითები წართმეული აქვს - გრიბული
ანასტასია ზინოვკინას მდგომარეობა დამძიმდა - როგორც ციხიდან გამოგზავნილ წერილში მასთან ერთად დაკავებული არტემ გრიბული წერს, ზინოვკინა შეტევების დროს საწოლიდან ვერ დგება, წართმეული აქვს ასევე მარჯვენა ხელისა და ფეხის თითები.
- რუსეთის მოქალაქეები ნარკოდანაშაულისთვის არიან გასამართლებულები და 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, მაგრამ არცერთი დანაშაულს არ აღიარებს.
ის ნაძირალა, რომელიც სახელმწიფოს სახელით ანასტასიას გაუპატიურებით ემუქრებოდა და ნარკოტიკები ჩაუდო, ბედნიერად და თავისუფლად ცხოვრობს - წერს წერილში გრიბული და ყველა სინდისის პატიმრის გათავისუფლებას მოითხოვს.
გამარჯობა!
26 ნოემბერს ჩემი და ანასტასიას საქმეზე სხდომები სააპელაციო სასამართლოში დაიწყო. სექტემბერში „მოსამართლე“ გალუსტაშვილმა 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მოგვისაჯა. ზუსტად ისე, როგორც ანტონ ჩეჩინს. ეს არის საზარელი, სიცოცხლის განმანადგურებელი განაჩენი, რომლის მიხედვითაც მთელი ჩვენი ახალგაზრდობა ციხეში, გისოსებს მიღმა უნდა გავატაროთ. ასეთი განაჩენები მხოლოდ პუტინისეულ ან ლუკაშენკოსეულ შეშლილ დიქტატურებს გამოაქვთ უდანაშაულო ადამიანებისთვის განსხვავებული აზრისა და პროტესტებში მონაწილეობის გამო. ბორი ივანოვის რეჟიმიც უკვე ერთი წელია ამ სიაშია.ახლა თითოეული თქვენგანი შეიძლება ჩვენს ადგილზე აღმოჩნდეს — გახვიდეთ მაღაზიაში და ვეღარ დაბრუნდეთ. მუნდირიანი ბანდიტები ხელს გტაცებენ, ნარკოტიკებს ან იარაღს „მოგაწერენ“, ხოლო სასამართლო უგუნურად და მორჩილად გამოგიტანთ განაჩენს.
ციხეში ჯანმრთელობას გაგინადგურებენ. ანასტასია ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ შეტევების დროს საწოლიდან ვერ დგება, მარჯვენა ხელისა და ფეხის თითები წართმეული აქვს. და ეს ყველაფერი მაშინ, როცა ის ნაძირალა, რომელიც სახელმწიფოს სახელით გაუპატიურებით ემუქრებოდა და ნარკოტიკები ჩაუდო — ბედნიერად და თავისუფლად ცხოვრობს, დაუსჯელობის გამო კი თავს უფლებას აძლევს გართობისთვის თბილისის ცენტრში ისროლოს.
ეს აღარასდროს უნდა განმეორდეს. ყოველი მუნდირიანი ბანდიტი და მათი თანამზრახველები გისოსებს მიღმა უნდა აღმოჩნდნენ. რეჟიმი, რომელიც მსგავს დანაშაულებს სანქცირებს და ფარავს — არ უნდა არსებობდეს. ყველა სინდისის პატიმარი უნდა გათავისუფლდეს!
ამისთვის ღირს ბოლომდე ბრძოლა. ჩვენ სასამართლოში ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული და თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს, როგორც სასამართლო დარბაზში, ისე მის გარეთ. ჩვენი პოზიცია ძლიერია: „პოლიციელები“ და „ნეიტრალური მოწმეები“ ჩვენებებში ირეოდნენ, ერთმანეთს და საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდნენ, გამოვლინდნენ მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და აშკარა ტყუილში. ეს ყველაფერი უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!
ბოლომდე!",- არტემ გრიბული.
სააპელაციო კოლეგიამ ანასტასია ზინოვკინას და ანტონ გრიბულის საქმეების განხილვა დაიწყო. მეორე სასამართლო სხდომა 26 დეკემბერს ჩაინიშნა.
ცნობისთვის, აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანასტასია ზინოვკინასა და არტებ გრიბულს 12 სექტემბერს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესჯათ.
რუსეთის მოქალაქეები ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2023 წლის 17 დეკემბერს თბილისში დააკავეს. პროკურატურა მათ 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავებოდა, რასაც ბრალდებულები უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.
მათი თქმით, დაკავება აქციაში მონაწილეობის გამო მოხდა - ზინოვკინა იმასაც ამბობდა, რომ პოლიციელები მას სექსუალური ძალადობით ემუქრებოდნენ და სექსუალურად შეავიწროვეს.