“მთავრობა, დამწვარზე რომ მდუღარეს დაასხამ ადამიანს, ასე გვიკეთებს“ - ევროპაში ამანათების გადაზიდვის გადასახადი გაიზარდა

18.12.25 18:10
“მთავრობა, დამწვარზე რომ მდუღარეს დაასხამ ადამიანს, ასე გვიკეთებს“ - ევროპაში ამანათების გადაზიდვის გადასახადი გაიზარდა

ფინანსური წნეხი  ემიგრანტებზე - საქართველოდან ევროპაში ამანათების გადაზიდვის გადასახადი  25 პროცენტით გაიზარდა.

საახალწლოდ გაგზავნილი ნობათების ნაწილი უკვე  გზაში იყო, როცა  საქართველოს მოქალაქეებს ახალი ტარიფი დააწიეს.  ირკვევა, რომ საქართველოს ფოსტამ, რომელიც მათ განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობდა, გადასახადი ისე გაუზარდა, რომ არც კი შეატყობინა.

ემიგრანტები ამბობენ, რომ მათ ახალი ტარიფის შესახებ მოულოდნელად გაიგეს და ამანათისთვის განსაზღვრული თანხის გარდა, კიდევ იმდენი გახდა საჭირო, რომ უარი თქვეს გზავნილებზე.

სრულიად უცბად გავიგე ეს ყველაფერი, სახტად დავრჩი, მეთქი რა მეშველება. როცა იცი, რომ განსაზღვრული გაქვს ის თანხა, მაგალითად ამანათისთვის, მაგალითად რაღაც - რაღაცებისთვის, იქ ბარგი გაქვს და იცი, რამდენი უნდა დახარჯო, და იქ მეტი გხვდება, ცუდია. იქ არავინ გასესხებს, და ძალიან ცუდ დღეში ვართ ემიგრანტები, ძალიან დავიტანჯეთ. გუშინ წელმა მოკლა და ვოლტარენის ტაბლეტი ვერ ვიყიდე, რომ დამელია. ყველაფერი ხომ გასაჭირია ემიგრანტებისთვის, ვეღარ ველევით ამ ყველაფერს, ახლა ამნათებიც გაგვიძვირეს და მთლად გაუსაძლისია - ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.

კიდევ ერთი ემიგრანტი “პირველებს“ უყვება, რომ მას შემდეგ, რაც გაიგო ტარფიების ზრდის შესახებ, ოჯახს უთხრა, რომ აღარაფერი გაეგზავნათ, რადგან არ უღირდა ამ ფასად ნობათი მიეღო.

დედა ვიყიდით ჩურჩხელასო, რომ გადავიანგარიშეთ, უარი ვუთხარი, არ მინდა დედა, ეგ ერთი ჩურჩხელა 3 ევრო თუ დამიჯდა, რაღათ მინდა მაგისთანა ჩურჩხელას ჭამა-მეთქი. დავანებებინე თავი, აღარ გამოვაგზავნინებ აღარაფერს საქართველოდან, მასე თუ გაგრძელდა და მაგხელა ფასები თუ ექნება. ყველაფერი გვენატრება და გვინდა საქართველოდან, მაგრამ რომ გადავიანგარიშებ, თხა ვიყიდე, თხა გავყიდე ხომ არ უნდა გამოვიდეს. ყველანაირ წნეხში ვართ ჩვენ აქ, ჯერ ამათგან ვართ წნეხში და ჩვენი მთავრობა კიდევ, დამწვარზე რომ მდუღარეს დაასხამ ადამიანს, ასე გვიკეთებს ყველაფერში, - ამბობს კიდევ ერთი ემიგრანტი.

 

მსგავსი სიახლეები