ბენზინით სავსე ბოთლები ნაძვის ხეებზე - როგორ ახმობდნენ გამწვანებულ ტერიტორიას ხელოვნურად

18.12.25 21:10
ბენზინით სავსე ბოთლები ნაძვის ხეებზე - როგორ ახმობდნენ გამწვანებულ ტერიტორიას ხელოვნურად

მძიმე კადრები დედაქალაქიდან - გავრცელებული ვიდეოდან ირკვევა, რომ სოფელ გლდანში გამწვანებულ ტერიტორიას ხელოვნურად ახმობდნენ.

ხეებზე რომლის მოჭრაც, სავარაუდოდ, მშენებლობის მოტივით სურდათ, ბენზინით სავსე ბოთლები დაკიდეს, რომ გამწვანებული გარემო გაენადგურებინათ.

ერთ-ერთი ვერსიით, მიწის მფლობელმა ხეეების გამო მერიისგან სამშენებლო ნებართვა ვერ მიიღო, ამის შემდეგ კი სხვა მეთოდს მიმართა. საუბარია არა მხოლოდ ნაძვის ერთ ხეზე, არამედ უამრავ ნაძვზე.

ვის აწყობდა ხეების გახმობა? - ამის მოსაკვლევად ადგილზე მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და ყველა ფაქტი დააფიქსირეს. მათი თქმით, შეისწავლიან და  შეაფასებენ, თუ რა სახის ზარალზეა საუბარი და ამის შემდეგ გაირკვევა, გახდება თუ არა შსს-ს შესასწავლი აღნიშნული საქმე.

საჯარო რეესტრის ამონაწერებით დგინდება, რომ ტერიტორია კერძო პირს ეკუთვნის, რომელსაც მერია წლების განმავლობაში განაშენიანების უფლებას არ აძლევდა, რადგან ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი აქვს მინიჭებული.

არსებობს ვარაუდი, რომ სწორედ ამიტომ, მიზანმიმართულად მიმართეს ამ ხერხს, რათა გაეხმოთ ხეები და შემდეგ ტერიტორია აეთვისებინათ.

ვის ინტერესშია ხეების მიზანმიმართულად გახმობა - სოფო ნიაური დეტალებით პირდაპირ ეთერში

მსგავსი სიახლეები