ქევხიშვილი: თუ კერძო კომპანია ნავთობს სანქციების რისკით შემოიტანს, ეს საფრთხე მთლიანად ქვეყანაზე გადადის

19.12.25 13:44
ქევხიშვილი: თუ კერძო კომპანია ნავთობს სანქციების რისკით შემოიტანს, ეს საფრთხე მთლიანად ქვეყანაზე გადადის

რუსული ენერგოკომპანიების წინააღმდეგ ლონდონის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი პროექტის გარშემო პასუხისმგებლობის საკითხი კიდევ უფრო მწვავდება.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი სანდრო ქევხიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ პროექტი არ წარმოადგენს მხოლოდ კერძო ინიციატივას, მასში ფინანსურად ჩართულია სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი და ქართუ ბანკი, რაც ხელისუფლების ინტერესსა და მონაწილეობას ცხადყოფს. 

მისი თქმით, ასეთ პირობებში, ნავთობის იმპორტთან დაკავშირებული შესაძლო სანქციები და მეორადი შეზღუდვები მხოლოდ კონკრეტულ კომპანიას აღარ ეხება და პირდაპირ ქვეყნის ეკონომიკურ და რეპუტაციულ რისკებს მოიცავს.

ეს ჩვეულებრივი პროექტი არ არის, იმიტომ, რომ მასში საინვესტიციო თანხა ჩადებული აქვს საქართველოს განვითარების ფონდს, ახლა მას ასე ჰქვია. ეს არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი. ამიტომ, იმის თქმა, რომ მთავრობას არ აქვს ინტერესი ამ პროექტში, ცოტა უცნაურია. აქ უფრო საინტერესო შეიძლება, იყოს ის ფაქტი, რომ კიდევ ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელი ამ პროექტის არის ქართუ ბანკი ანუ ბიძინა ივანიშვილი და ამაზე იყო საუბარი, რომ მასაც აქვს ინტერესი ამ პროექტის წარმატებაში. ამიტომ, მთავრობა ვერ მოიხსნის ამ პროექტისგან პასუხისმგებლობას მხოლოდ იმიტომაც, რომ თუ, მაგალითად, კერძო კომპანიას შემოაქვს ნავთობი, რომელსაც მოჰყვება სანქციების და მეორადი სანქციების რისკი, ეს რისკი კომპანიაზე არ რჩება, ეს რისკი გადადის ქვეყანაზე, ამიტომ პასუხისმგებლობის მოხსნა ამაზე, ძალიან უცნაურია, - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი სანდრო ქევხიშვილი.

ლონდონმა „რუსნეფტს“, რომელიც საქართველოს ნავთობს აწვდის, სანქციები დაუწესა - დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, სანქციები დაუწესეს კიდევ სამ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიებს, Татнефт-ს, Руснефтегаз-სა და ННК-Ойл-ს.

რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ 2025 წლის ოქტომბერში საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, ყულევში ახალაშენებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა. ამის შესახებ ოქტომბერში ინფორმაცია სააგენტო Reuters-მა გაავრცელა.

  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა შემდეგ დაადასტურა, რომ პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი „კაისერი“ (Kayseri) რუსეთიდან ყულევის პორტში ოქტომბრის დასაწყისში შევიდა. მას რუსული კომპანიისთვის განკუთვნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი გადაჰქონდა.

 

მსგავსი სიახლეები