სასახლის ღობის საქმე - პროკურატურა დაკავებულებს აღიარების სანაცვლოდ გარიგებას სთავაზობს
სასახლის ღობის საქმე - პროკურატურა დაკავებულებს აღიარების სანაცვლოდ გარიგებას სთავაზობს. დ
ღეს 15 პირის საქმის პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუკი ბრალდებულების მხრიდან აღიარება იქნება, მაშინ ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს.
ასევე შეიძლება ვიმსჯელოთ საპროცესო შეთანხმების საკითხზე - აცხადებს პროკურორი.
„პროკურატურა მზად არის, ნებისმიერ ბრალდებულთან მიმართებით საპროცესო შეთანხმების თაობაზე, თუმცა ამისთვის აუცილებელია, რომ აღიაროს ჩადენილი ქმედება და მტკიცებულებები მიიჩნიოს უდავოდ, რაც დღეის მდგომარეობით არ გვაქვს. თან ამ მომართვას უნდა ერთოდეს განცხადება, რომ ისინი აღიარებენ დანაშაულს და წარდგენილ ბრალდებაში თავს ცნობენ სრულად დამნაშავედ. თვითონ [ბრალდებულებმა] უნდა გადაწყვიტონ, ვინ აღიარებს და ვინ არა. თუკი ერთი ბრალდებული აღიარებს, ჩვენ მის მიმართ ვიმსჯელებთ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე, ასევე შეიძლება ვიმსჯელოთ საპროცესო შეთანხმების საკითხზე“, - განაცხადა როინ ხინთიბიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ევა შაშიაშვილი და კიდევ 12 პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ევა შაშიაშვილის ადვოკატის მარიამ ხაჭაპურიძის შუამდგომლობა 5000 - ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე.
დღეს სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ევა შაშიაშვილი მოსამართლეს უხსნიდა, რომ საპატიმროში გატარებული ყოველი დღე მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, რადგან მას მძიმე სენთან უწევს გამკლავება.
- გოჩა ყატაშვილის, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტის, კახაბერ მჟავანაძის, ალექსანდრე გოგოლაძის, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილის, ზაქრო ალბუთაშვილის, გენადი კელიხაშვილის, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძის, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილისა და ია დარახველიძის მიმართ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- რაც შეეხება კიდევ 2 ბრალდებულს, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი და ია დარახველიძე გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.