მთელი წელი თითქოს რიმეიქები გვქონდაო იმ სასამართლოსი, მაგდანას ლურჯა რომ გაასამართლეს - რეზო კიკნაძე
რეზო კიკნაძე სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესებს მაგდანას ლურჯა სასამართლოს ადარებს და ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ ანალოგიური გასამართლება ხდებოდა ახლაც სასამართლო დარბაზებში.
მისი თქმით, ერთი მტკიცებულება თუ არგუმენტი არ ყოფილა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ - "მაგრამ მაინც მოგვისაჯეს, რადგან ზემოდან იყო ასეთი ბრძანება".
კიკნაძე წერილში შერჩევით სამართალზე საუბრობს, წერს მათზე, ვინც მძიმე დანაშაულის მიუხედავად თავისუფლებაზეა.
რანაირად მოახერხეთ მთელმა სასამართლო სისტემამ რომ ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილე პირებზე უფრო მეტ დამნაშავედ აქციაზე მდგომი უდანაშაულო ხალხი გამოგყავთ? - წერს წერილში სინდისის პატიმარი.
მაგდანას ლურჯა გაქვთ ნანახი? მთელი წელი თითქოს რიმეიქები გვქონდაო იმ სასამართლოსი, მაგდანას ლურჯა რომ გაასამართლეს. რა სხვაობაა ?იქაც სისტემა ჩაგრავს მართალ ადამიანს, იქაც მოდის ცრუმოწმე, რომელიც თავისდაუნებურად ბრალდებულისთვის სასარგებლო ჩვენებას იძლევა და ნათლად არჩევს მტყუან - მართალს, იქაც მთელი სოფელი ავსებს სასამართლოს დარბაზს მაგდანას მხარდასაჭერად... ზუსტად იგივე არ ხდებოდა ჩვენთანაც?
მე როგორც არაიურისტს მართლა მაინტერსესებს, როდესაც მუხლის გადაკვალიფიცირება ხდება ეს რამდენიმე სხდომით ადრე არ უნდა ეცნობოს დაცვის მხარეს? მთელი წელი რაღაც ერთი კონკრეტული მუხლის მიხედვით მიდიოდა გარჩევა, ჩვენი ყოველი სიტყვისა თუ ქმედების ამოსავალი წერტილი იყო ეს მუხლი, საბოლოოდ გამოვიდა რომ ამ მუხლთან მიმართებაზე, რაზეც 9 თვე ვდაობდით გვეხსნებოდა ბრალი და მართლები ვყოფილვართ და როცა ამის შემდეგ ბოლო სხდომაზე, ბოლო წამს გვთავაზობ სხვა მუხლს ეს სწორია? დრო არ უნდა მომეცეს, რომ იმ სხვა მუხლის მიხედვითაც დავიცვა თავი? იქნებ რას ვამბობ, რა აქცენტებს ვაკეთებთ, ხომ უნდა მოვემზადო იმ მუხლთან დასაპირისპირებლად. წამი არ მოგცემია დრო რათა თავი დაგვეცვა.
ისევ ჯგუფურობა რომ წერია მუხლში ეგ ცალკე ირონიაა, აბა რა შეცვალეთ? ჯგუფურობა რანაირად დამტკიცდა, ბუნებაში არ არსებობს ხელჩასაჭიდი ჯგუფურობას რომ დაადასტურებდა. ანდაც თუ ე.წ ორგანიზატორები არ არსებობდნენ რაღატო არ გაუშვით , ვისაც ორგანიზატორობას აბრალებდით? მოკლედ, უამრავი კითხვის ნიშანი და გარღვევაა თავად ბრალის კვალიფიცირების საქმეშიც.
ჩემს აქ ყოფნას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ამ ბიჭების, აწ უკვე ჩემი მეგობრების და დარბაზში რომ ზიან ამ საოცარი ხალხის სანახავად მოვედი, სხვა არანაირი მოტივაცია არ ჰქონია ჩემს აქ მოსვლას დღეს. რადგან ბარემ აქ ვარ მოგმართავთ, რომ ემანდ ხელი არ წაგიცდეთ და შემთხვევით არ გამიშვათ გარეთ, ამ მჭირდება, თუ მონობაა ბოლომდე ფეხქვეშ გაეფინეთ ბარემ „დიდ ძმას“ და თანაც როდესაც მათე დევიძე და მზია ამაღლობელი ისევ ციხეში არიან მე გარეთ ყოფნის უფლება ისედაც არ მაქვს.
ახლა რამდენიმე საყოველთაოდ ცნობილ საქმეს შევეხები, რომელთაც როცა შეხედავთ და მერე ჩვენს საქმეს შეადარებთ, მიხვდებით რა წუმპეში ვართ და რატომ ვახსენებ სულ ზემოდან ბრძანებას და სისტემის მსახურებს. იცით როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ? ზვიადაურმა კაცი მოკლა, დადასტურებულად, არავინ რომ არ უარყოფს და ამ მკვლელობას რომ ყველა აღიარებს... აი, ეგეთი საქმეა, მაშინვე გამოუშვეს მკვლელი. მერე სახლი იარაღებით სავსე უპოვეს. გარეთ წლების მანძილზე იარაღით მოძრაობდა თურმე ადამიანი, ვისაც ცოტახნის წინ ახალგაზრდა კაცის სისხლი ედო კისერზე და მიუხედავად ამისა სულ რამდენიმე თვე მისცეს, იმიტომ რომ პარლამენტის წევრი იყო და მთავრობასთან დაახლოებული პირია. მე კი ჰაერში ქაღალდი რომ ავაგდე და ერთი ადამიანიც კი არ დამიზიანებია, არც მიჩივის არავინ, ფიზიკურად არ არსებობს ვინც შეიძლება მიჩიოდეს და რანაირად მიჩივლებს? და მაინც 2 წელი უნდა გავატარო ციხეში იმიტომ რომ მე მთავრობაში ნაცნობები არ მყავს ზვიადაურისგან განსხვავებით, ღმერთმა დამიფაროს - აი ესაა ერთადერთი მიზეზი. ანუ რა გამოდის, ჩვენს ქვეყანაში მოსამართლეებს განაჩენი იმის მიხედვით გამოაქვთ ხელისუფლებასთან როგორ დამოკიდებულებაშია განსასჯელი და არა სამართლის მიხედვით? ფაქტი ერთია - კაცის მკვლელი ზვიადაური, ვისაც 6 იარაღი უპოვეს და იარაღის ტარებისთვის დაიჭირეს სულ რამდენიმე თვეს გაატარებს ციხეში, მე კი ცხოვრებაში კანონი რომ არ დამირღვევია, სასამართლოში არასდროს ვყოფილვარ, კარდონის ტარებისთვის ორი წელი უნდა ვიჯდე.
ახლა გიგა ავალიანის გახმაურებულ მკვლელობას უნდა შევეხო. ახალგაზრდა მასწავლებლის, რომელიც ჯგუფურად მოკლეს ცემით, თან განზრახ, წინასწარ იყო ყველაფერი დაგეგმილი. წინასწარ ზუსტად ამ ძალადობისთვის შეძენილი დამაზიანებელი ნივთები, ჩასაფრება, ჩატშიც კი წერდნენ თურმე ერთმანეთს. თუ დედასთან ერთად გამოაიარა დედას ტომარა ჩამოვაცვათ და მერე შვილს ვურტყათო. აი ესენი არ გაასამართლეს ჯგუფურად. არ დაიჭირეს ამ მკვლელობის მონაწილე ყველა პირი. სასტიკი, დაგეგმილი მკვლელობის მონაწილეები შეიძლება ჩვენზე ადრე გამოვიდნენ ციხიდან, ყველანაირად ცდილობენ, რომ შეამსუბუქონ ბრალი და ამ დროს ჩვენ ერთმანეთი ნანახიც კი არ გვყავდა, უბრალოდ ერთ უბანში, ერთ ქუჩაში დგომის გამო , თან სხვადასახვა დღეს დგომის ჯგუფურობას გვედავებიან.
რანაირად მოახერხეთ მთელმა სასამართლო სისტემამ რომ ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილე პირებზე უფრო მეტ დამნაშავედ აქციაზე მდგომი უდანაშაულო ხალხი გამოგყავთ?
დღეს 28 ნოემბერია. ზუსტად ერთი წლის წინ სახლში ჩემთვის ვიჯექი, სანამ კობახიძე იმ სისულელეს წამოროშავდა, დანარჩენი კი უკვე ისტორიაა...
ერთი წლის წინ ჩვენმა ვაიმთავრობამ ოფიციალურად დაარტყა ბეჭედი ქვეყნის რუსეთისკენ სწრაფვას. ერთი წლის წინ განგვიცხადეს, რომ ყოველგვარ ცივილიზაციას გვაშორებდნენ. ერთ წლის წინ პირდაპირ და ღიად გვითხრეს ევროპა არ გვინდაო. ერთი წლის წინ მთელი ქვეყანა გარეთ გამოვიდა ყოველგვარი მოწოდების გარეშე. ერთი წლის წინ ყველამ ინდივიდუალურად გავიაზრეთ იმ ღალატის მნიშვნელობა , რაც რუსულმა რეჟიმმა გვაჩვენა. ერთი წლის წინ გვცემეს, დაგვარბიეს, გაგვძარცვეს, გაგვწუწუუეს, მოგვწამლეს, ჩვენი თავებით ფეხბურთი ითამაშეს, არ დაგვინდეს განურჩევლად სქესისა და ასაკისა. ჩვენს დასალეწად ფულები უხადეს თავიანთ მარიონეტებს და მერე ამის გამო კიდევ ჩვენ ჩაგვსვეს ციხეში დალეწილები და ნაცემები. თავად თქვენ არ გრცხვენიათ ბატონო მოსამართლე, სამართლის აღმასრულებელი და მსახური რომ გქვიათ, თუნდაც ფორმალურად? და იმას კი არ სვამ ციხეში, ვინც ძირს დაგდებულ ზვიად მაისაშვილს წიხლები ურტყა, მაკა ჩიხლაძე მთელი ძალით მოიფრიალა და კინაღამ კისერი მოტეხა. თირქიას თვალი ამოთხარა, არამედ ჩვენ ერთი კაცისთვისაც რომ არ მიგვიყენებია ზიანი იმათ, ესაა თქვენი სამართალი?
გოგონა დაიჭირეს და სისხლით ასამართლებენ მანქანაზე როგორ შედგაო, ამ დროს ფეხებით ადამიანებს შედგნენ თავად, წაქცეულებსაც არ ინდობდნენ და ძირს გართხმულებს უსწორდებოდნენ. იმ სამართლის აღმსრულებლები ხართ, რომელშიც მანქანა უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ადამიანი და მანქანაზე ფეხით გადავლის გამო იჭერენ და ადამიანზე გადავლის გამო არა? ნახეთ აბა რა უქნეს გიორგი შეწირულს, მანქანა უფრო შეგეცოდათ თქვენ?
მე მოგიყვებით ჩემს საკანში მჯდომი უპატრიოტესი და საოცარი ბიჭი, მინდია შერვაშიძე რის გამო ზის ციხეში. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას შევარდნილი დანიანი პროვოკატორი, რომელიც იგინებოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეებს რომ გაარიდა იქაურობას და დანაც წაართვა. პოლიციის გასაკეთებელი საქმე რომ გააკეთა, მადლობა რომ უნდა გადაუხადო ისეთი, ამისთვის მინდია დაიჭირეს და ის დანიანი ქათამი გარეთ დაბოდიალობს თავისუფლად, იმიტომ რომ ის მთავრობის ხელის ბიჭია - გეკითხებით ასეთია თქვენი სამართალი?
დღესდღეობით ხალხს რომ პირბადის, ჭყვიტინა სათამაშოს და უბრალოდ ქუჩაში დგომის გამო იჭერენ ეს მოგწონთ? 75 წლის მოხუცებს რომ ეჯაჯგურებიან და მანქანაში ტენიან უხეშად, სრულიად უმიზეზო ესაა თქვენთვის მისაღები? ასეთია თქვენი საქართველო? ყველა კანონს რომ მთავრობა საკუთარ თავზე ირგებს, რათა თავისი დიქტატურა კიდევ უფრო გაამყაროს და დემოკრატია მთლიანად გააქროს, ხალხის საკეთილდღეოდ კი არაფერი გაუკეთებიათ ამას ვერ ხვდებით? რომელი კანონი იყო ხალხისთვის? დაფიქრდით აბა.
როცა მოგვისაჯეს მოსამართლეს დაუწერია პოლიციელების სიტყვაში ეჭვის შეტანის უფლება არ მქონდაო. ანუ თავადვე ამბობს ცარიელი სიტყვების გამო დაგიჭირეთო - ასეთი რამ სადმე გაგონილა? სასამართლოა თუ სოფლის ბირჟა, სადაც ჭორების მოსასმენად მიდიხარ და არა ფაქტების გადასამოწმებლად. ანუ არც მტკიცებულება არსებობდა, არც რაიმე არგუმენტი და ვიღაცის წამოყრანტალებული არაფრით გამყარებული ბოდვის გამო ამდენ ადამიანს უშვებ ციხეში? ცარიელი სიტყვების გამო რანაირად შეიძლება ვინმე დაიჭირო, ამას გასწავლიდნენ როდესაც მოსამართლე ხდებოდით? ან ადამიანებს რატომ ყოფთ, რატომ გამოარჩევთ პროფესიის მიხედვით, როცა მხარეს წარმოადგენენ თან ამ დროს და მართლაც მათ ლაყბობას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებთ, რაც ლაყბობის გარდა არაფერია, ვინაიდან არაფრითაა გამყარებული.
თან როცა რაღაცას გაბრალებ დამბრალებელზეა მტკიცებულებების მოტანა და მათ ცარიელი სიტყვების გარდა ვერაფერი მოიტანეს, ეგ კი არა თავისივე მოგონილ ზღაპრებში იხლართებოდნენ, საქვეყნოდ დასაცინი გაიხადეს თავი იმდენი სისულელე და აბსურდი დაახეთქეს და ამიტომაც აკრძალეს მერე გადაღება, იქნებ მივჩქმალოთ რაც აქ ხდება და ხალხი ტყუილებით ბოლომდე ვკვებოთო.
ცოტახნის წინ ერთ-ერთმა ქვემძრომ, ვიღაც ლევან მაჭავარიანს ციხის არადამიანურ პირობებზე თხოვეს კომენტარის გაკეთება და იმანაც უტიფრად განაცხადა ვინც იქიდან გამოდის ყველა მადლობებს გვიხდისო. ლევან, რამდენმა პატიმარმაც მან მომენტში შეგაგინა ერთი არ აგცდეს ჯიგარო. გაწყობს? მალე მოგიწევს თავად მაგ ციხეში ყოფნა და აბა ერთი ყოველ დღე მადლობები არ გიხდია.
და იცოდე როცა გამოვალ მე პირადად ვიზრუნებ რომ ეგეთ გონორზე არ იყო არც ნატა ქაჯაიასთან, არც რომელიმე ჟურნალისტთან და ზოგადად ვერცერთ ქალთან შე კაცის იმიტაციავ.
გიორგი შერმადინი არის მონის დეფინიცია. კარიერის ბოლო მატჩში ძალით რომ ათქმევინეს ის, რითიც მთელ თავის 25 წლიან კარიერას ხაზი გადაუსვა და სამარცხვინოდ ჩაეწერა ისტორიაში. ამაზე მეტი სიმდაბლე რაღა უნდა იყოს.
ახლა ახალ პრაქტიკაზე რომ გადავიდნენ და ვისაც სამშობლოს სიყვარულის მუხლით იჭერენ სამშობლოს მოღალატეები პაემნის, წერილების, დარეკვების და გარესამყაროსთან ყოველგვარ კომუნიკაციას უკრძალავენ ეს არაარადმიანურობის რა ფორმაა? მამები თავიანთ მცირეწლოვან შვილებს სრულიად უმიზეზოდ მოწყვიტეთ და იმის უფლებასაც არ აძლევთ უბრალოდ ხმა გაიგონ შვილის.. არა უშავს, ამასაც გადავლახავთ, რაც უფრო მეტად შეგვაფერხებთ და გამოავლენთ თქვენს სატანურ სახეს, ამით ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავძლიერდებით და საწვავად გამოვიყენებთ ყოველ მომდევნო დაბრკოლებას. ჰიდრას ერთ თავს როცა აჭრიან მეორე და მესამე ამოსდის. ციხე ვერ შეგვაჩერებს და ის იცოდეთ, რომ ირაკლი ნადირაძეს თქვენ პაემნები, ზარები და წერილები აუკრძალეთ და ირაკლიმ წიგნი გამოსცა ამის მიუხედავად საკნიდან. იმიტომ რომ ციხე ვერ შეაჩერებს.
მოდი ბოლოს ჩემს თანამებრძოლებს, ნათელ მხარეს მყოფ ხალხს მივმართავ ლექსის ორი სტროფით და ამით დავასრულებ:
ტირანი ასე ბოლომდე გაძლებს,
თუ მშვიდად დგომა ხდება უმიზნო,
წმინდა გიორგიც მაგალითს გვაძლევს -
გამოსავალი ერთია მხოლოდ,
რომ არ დაკარგო მეტი დრო ფუჭად,
პირდაპირ გეტყვით რა გვაქვს გზის ბოლო
რევოლუცია.. რევოლუცია..
28. 11. 2025
რეზო კიკნაძე