„ჯანდაცვა უმოქმედოა! შეგვხდით და მოგვისმინეთ" - დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი აქცია კობახიძის სამსახურთან
დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი აქცია ირაკლი კობახიძის სამსახურთან - მოქალაქეები "ოცნების" პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ
მათ კანცელარიასთან ბანერები აქვთ გაშლილი წარწერით: „ყოველი დღე ძვირფასია, სახელმწიფოს უმოქმედობა უდრის დაკარგულ სიცოცხლეს“, „ერთი ბავშვის სიცოცხლე უდრის სამყაროს“, „ჯანდაცვა უმოქმედოა! გთხოვთ, შეგვხვდეთ და მოგვისმინოთ“.
ორგანიზაციის „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისფუნქციას“ თავმჯდომარის, ზაქრო გვიშიანის განცხადებით, თუ მათ ირაკლი კობახიძე არ შეხვდება, აქციები შეიძლება ყოველკვირეულად გაგრძელდეს.
აქცის მონაწილეები დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტ „ეგზონსქიფინგის“ მიწოდებას ითხოვენ. მათი თქმით, ასევე პრობლემურია, როცა ბავშვებს კონსულტაციებში უწევთ თანხის გადახდა.
დავრწმუნდით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გუნდი არ მოქმედებს, როდესაც უმოკლეს დროში შეიძლებოდა აღნიშნული პრობლემა გადაჭრილიყო - ამბობს ზაქრო გვიშიანი
„დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მივმართოთ თხოვნით, რომ შეგვხვდეს და მოგვისმინოს. 2-წლიანი დაპირებები გამოდგა უშედეგო ჯანდაცვის მინისტრისგან. ფაქტობრივად, ყოველი შეხვედრა იყო უშედეგო. არ დაიძრა პროცესი იმ ფონზე, როდესაც ამერიკამ, ევროპამ აღიარა არაერთი მედიკამენტი კვლევითი პროცესების დასრულების შემდგომ. დღეს შევიკრიბეთ მშობლები, ოჯხის წევრები, პაციენტები, ბავშვები, რომლებიც დახმარებას ითხოვენ და ვისთვისაც ყოველი დღე კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საქართველოში მედიკამენტი „ეგზონსქიფინგი“ უკვე დარეგისტრირებულია, დაახლოებით, ერთი წელია. აღნიშნულთან დაკავშირებით არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა, არ დაიწყო პროცესი არც ერთ ბავშვს, როცა ამ ეტაპზე შესაძლებელია. ჩვენ პროვაიდერ კომონიებთან კომუნიკაციას ვამყარებთ, რომლებიც ძალიან დიდ შეღავათებს აძლევენ.
პრობლემა ასევე, არის მულტიდისციპლინური გუნდის შექმნა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში, 8-ვე შეხვედრისას იხილებოდა და არცერთი ნაბიჯი აქაც არ გადაიდგა. ეს უმარტივესია. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ.
ბავშვებს დღესაც კი კონსულტაციებში უწევთ თანხის გადახდა. ამ ბავშვების და ოჯახის წევრების სოციალური, ემოციური ფონი ძალიან რთულია.
ეს დაავადება ძალიან ბევრ პათოლოგიასთან არის დაკავშირებული. ეს არის გულის პათოლოგია, ფილტვის პათოლოგია, თირკმლის პათოლოგიები, შინაგანი ორგანოების დაზიანება. შეიძლება ეს პროცესები მიმდინარეობდეს და ვერ არკვევდეს მშობელი იმის გამო, რომ თანხებთან არის დაკავშირებული.
დავრწმუნდით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გუნდი არ მოქმედებს, როდესაც უმოკლეს დროში შეიძლებოდა აღნიშნული პრობლემა გადაჭრილიყო.
დარწმუნებული ვარ, პრემიერს აღნიშნულთან დაკავშირებით არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია. სწორედ ეს არის ჩვენი აქ შეკრების მიზანი. ეს არის მშვიდობიანი აქცია. პრემიერს დეტალურად ავუხსნით, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მარტივი გზებით გადაჭრა.
აქციების გამართვის საჭიროება არ არის თუ პრემიერი შეგვხვდება. ბუნებრივია, ჩვენ არ გავჩერდებით. შესაძლოა ყოველ კვირა, ყოველ დღე შევიკრიბოთ“, - განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.