სასახლის ღობის საქმე - რატომ სთავაზობს პროკურატურა გარიგებას დაკავებულებს?
პროკურატურა „სასახლის ღობის საქმეზე“ დაკავებულებს ოფიციალურად სთავაზობს გარიგებას. სახელმწიფო ბრალდება აცხადებს, რომ ისინი პირობით თავისუფლებას მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ შტურმში მონაწილეობას აღიარებენ და გამოძიებას ჩვენებებს მისცემენ. შეთავაზების საფუძველზე, დაკავებულებს თავდაპირველად გირაოთი გათავისუფლებას ჰპირდებიან, რის შემდეგაც მათი საქმის საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობა განიხილება.
გარიგების ეს წინადადება ეხება 41 დაკავებულს, მათ შორის მძიმე დიაგნოზის მქონე პირებს, პენსიონერებს, ომის ვეტერანებსა და სოციალურად დაუცველებს, რომელთათვისაც პატიმრობაში ყოფნა ჯანმრთელობის სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული.
პროკურატურა ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობის აღიარებას სთავაზობს ყველა ბრალდებულს პოლიტიკური ლიდერების გარდა. ამასთან, თუ გამოძიებას თუნდაც ერთი დაკავებული შეუთანხმდება, სამართლებრივი თვალსაზრისით დადასტურდება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა - სწორედ იმ მუხლით, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეებს ედავება. ერთი პირის აღიარება ავტომატურად გავრცელდება სხვა ბრალდებულებზეც, მათ შორის იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც საქმის ორგანიზების მუხლით არიან დაკავებული.
ადვოკატების შეფასებით, პროკურატურის მიერ შეთავაზებული გარიგება მიუთითებს, რომ გამოძიებას დაკავებული პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ მტკიცებულებების მოპოვება უჭირს. მათი განცხადებით, ოპოზიციის ლიდერების მიმართ მძიმე სასჯელის მოთხოვნისთვის არსებული მასალები არასაკმარისია, რის გამოც სახელმწიფო ბრალდება ცდილობს, დანაშაულის დადასტურება სხვა დაკავებულების ჩვენებების საფუძველზე უზრუნველყოს.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.