"ოცნებას" ან მოუწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ან მოსახლეობას დააკარგვინებს უზარმაზარ პრივილეგიას - ცქიტიშვილი
"ოცნებას" ან მოუწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ან მოსახლეობას დააკარგვინებს უზარმაზარ პრივილეგიას - ასე ეხმაურება დიმიტრი ცქიტიშვილი ევროკომისიის მძიმე ანგარიშს.
- „საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს უვიზო რეჟიმი“ - ახალ ანგარიშში ევროკომისია მიუთითებს, რომ გარკვეულ ეტაპზე საქართველოს მთელ მოსახლეობას ემუქრება ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერება.
ცქიტიშვილის თქმით, ევროკომისიის ეს გზავნილი უკვე ნათლად აჩვენებს, რომ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების პროცესს ასე მარტივად არაფერი შეაჩერებს.
რამდენ ხანში იქნება, ძალიან რთული საკითხია, მაგრამ ის, რომ ამ პროცესს რომ ასე მარტივად არაფერი შეაჩერებს, ეს უკვე ფაქტია. "ოცნებას" ან მოუწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, ან სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში დასჯის თავის მოსახლეობას იმით, რომ თავისი დაუდევრობით და დანაშაულით დააკარგვინებს უზარმაზარ პრივილეგიას, რომელიც ქართველმა საზოგადოებამ მოიპოვა თავის დროზე", - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.
ევროკომისია აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის „სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით“, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს იმ ახალი წესების ფარგლებში, რაც ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შედის.
- ევროკომისიის თანახმად, პირველ ეტაპზე შეზღუდვა შეიძლება შეეხოს დიპლომატიური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, შემდეგ ეტაპზე კი - მთელ მოსახლეობას;
- ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება „პრობლემებს არ მოაგვარებს“ - არ შეასრულებს ბრიუსელისგან არაერთგზის მიღებულ რეკომენდაციებს.
- ჯერჯერობით ევროკომისია კონკრეტულ თარიღებს არ ასახელებს.