ძირს განათლების რეფორმა! - სტუდენტებმა დედაქალაქში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს
თბილისში სტუდენტებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს. აქცია წერეთლის მეტროსთან დაიწყო და განათლების სამინისტროსთან გაგრძელდა. ამის შემდეგ კი მსვლელობა რუსთაველის გამზირზე უწყვეტ პროტესტს შეუერთდა.
ახალგაზრდები შეძახილებით „ძირს განათლების დეფორმა“ და „ღირსეული განათლება სტუდენტებს“ ხელისუფლების მიერ დაანონსებულ საგანმანათლებლო ცვლილებებს აპროტესტებდნენ.
სტუდენტების განცხადებით, დაგეგმილი რეფორმა განათლებას პრივილეგიად აქცევს და არა საყოველთაო უფლებად. მათი თქმით, შემოთავაზებული მოდელი ზღუდავს განათლებაზე ხელმისაწვდომობას და საფრთხეს უქმნის იმას, რომ ყველა აბიტურიენტი სტუდენტი გახდეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პრობლემა მხოლოდ აღნიშნული რეფორმა არ არის და ეს პრობლემის მხოლოდ სიმპტომია, ამიტომ გამოსავალი "ოცნების" ხელისუფლების გადადგომაა.
შევჩვიეთ დიდი ხანია, რომ პრობლემა არ არის ეს რეფორმა, პრობლემაა "ქართული ონება". ეს რეფორმა არის პრობლემის სიმპტომი. ეს რეფორმა რომ სულ გააუქმონ, რაღაც ახალს იზამენ, ამიტომ ის მოთხოვნა, რომ "ქართული ოცნება" უნდა გადადგეს - უცვლელია. ეგ არის ერთადერთი გამოსავალი. სამწუხაროდ, ყარაულის თოფივითაც ვერ ისვრიან ხოლმე, რომ რაღაც შემთხვევით სწორად გააკეთონ იმდენად განზრახ აფუჭებენ ყველაფერს. ბოლო ერთ წელში ერთი სწორი გადაწყვეტილებაც არ მახსენდება მათი მხრიდან, - ამბობს აქციის მონაწილე.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის ჩართვაში.