პროკურატურას ეშინია ხმაურის, ხმაურს კი არა ჯანყს მიიღებენ - მოკლული მასწავლებლის დედა
ვიდრე ყველა არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, მანამდე არ მოვისვენებ - ამბობს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, რომელიც პროკურატურაში შეხვედრაზე დაიბარეს, თუმცა იმის გამო, რომ ტელეფონების შეტანის უფლება არ მისცეს, შეხვედრა ჩაშალა.
ეკა კუპატაძე “პირველებს“ უყვება, რატომ არ უნდოდა ტელეფონის დატოვება პროკურორთან შეხვედრამდე და როგორ განვითარდა მოვლენები მას შემდეგ, რაც შეხვედრა ჩაშალა.
მოკლული მასწავლებლის დედა დარწმუნებულია, რომ პროკურატურას ხმაურის ეშინია და შეხვედრაზეც ამიტომ დაიბარეს, რადგან, თითქმის, 3 თვის თავზეც, აქამდე არავინ შეხმიანებია.
გვთხოვეს ტელეფონების დატოვება, რაზედაც ჩვენგან მიიღეს უარი, რადგან მე ტელეფონში სერიოზული სამხილები მაქვს, ამ მკვლელობასთან დაკავშირებით და პროკუარტურაში, ვისაც ჩემგან უნდობლობა აქვს ნული, მე მათ ტელეფონს არ დავუტოვებდი. ჩამოვიდა პროკურორის თანაშემწე 15 წუთის შემდეგ და გვითხრა, რომ ვერ აგვიშვებდა, ჩვენ ვკითხეთ, რატომ? რადგან ჩვენ გათიშულ ტელეფონს დავდებდით პროკურორის მაგიდაზე, მათგან მივიღეთ უარის, რის შემდეგაც შეხვედრაზე არ შევსულვართ. დავტოვეთ საშვები, გამოვედით გარეთ და გამოგვედევნა პროკურორის თანაშემწე. პროკურატურას ეშინია ხმაურის, ხმაურს კი არა ჯანყს მიიღებენ. მათ ჰქონდათ გონივრულზე მეტი ვადა, თითქმის, 3 თვე გადის ამ შემთხვევიდან, არავის არასდროს გამოუთქვამს შეხვედრის სურვილი, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.
მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურის წინ აქციის გამართვას დღეს გეგავს. 16:00 საათზე პროკურატურის წინ ის საკუთარ ადვოკატებთან ერთად მივა და სამართლიან გამოძიებას მოითხოვს.
ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1 ოქტომბერს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს, 25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა. 26 წლის გიგა ავალიანს თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს, მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.