მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახი პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ ხელბორკილი დაადოს ყველა იმ პირს, ვინც 26 წლის მასწავლების მკვლელობა დაგეგმა და სისრულეში მოიყვანა.
ეს მოთხოვნა რამდენიმე წუთის წინ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე გაჟღერდა.
ეკა კუპატაძე პროკურატურას გულგრილობასა და მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს. ოჯახი უკვე რამდენიმე თვეა საქმის მასალების გადაცემას ითხოვს. ავალიანის ოჯახი ასევე ითხოვს, საგამოძიებო უწყებამ, „გადააკვალიფიციროს“ საქმე და გამოძიება „ჯგუფური ძალადობის“ მუხლით გაგრძელდეს.
მე ვთქვი რამდენჯერმე და ვიმეორებ კიდევ ერთხელ, არცერთი ადამიანის სიცოცხლე არ არის უბრალო. მაგრამ ვციტირებ პროკურორის სიტყვეს: "უბრალო საქმე იყო, რომ არ გეყვირათო". მაგრამ რადგან ასე მოიხსენია, დიახ, გიგა ავალიანის სიცოცხლე არ ყოფილა უბრალო და მე ამას ასე არ დავასრულებ, - ამბობს მოკლულის დედა.
დღეს მასწავლებლის ოჯახის წევრებს პროკურორთან შეხვედრა სურდათ, თუმცა საგამოძიებო უწყებამ მათ გარკვეული წინაპირობა წაუყენა და შეხვედრაზე მობილური ტელეფონის შეტანა აუკრძალა, რასაც ავალიანების გაღიზიანება მოჰყვა. საბოლოოდ, ეს აუდიენცია არ შედგა.
აქციაზე დღეს პედაგოგის მოსწავლეები და სრულიად უცნობი ადამიანები იმყოფებოდნენ.
"ირინა ენუქიძის ტრაგედიაზე ვერაფერი ისწავლეს"- ამბობენ მოქალაქეები.
ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანს 1 ოქტომბერს სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს და სასიკვდილოდ სცემეს.
- გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე ჯამში 4 პირია დაკავებული ერთს - ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.
- გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული.