კიდევ ერთი მძიმე ზამთარი გელათისთვის - რა ბედი ელის უნიკალური ტაძარს "ოცნების" ხელში
ახალი ექსპერიმენტი გელათში - სამონასტრო კომპლექსში გათბობის სისტემას ამონტაჟებენ, გაყვანილობების დამაგრება უკვე დასრულებულია, ადგილზე მიტანილია გამათბობელიც. გელათის მცველის შეფასებით, მონასტერში, ფაქტობრივად, სათბური კეთდება, რადგან ვინტილაციის სისტემა, სავარაუდოდ, არ არსებობს.
რატომ არის რისკის შემცველი ვინტილაციის სისტემის გარეშე გათბობის დამონტაჟება - გათბობის სისტემის დამონტაჟებით, სავარაუდოდ, სპეციალისტებს ჰქონდათ გათვლა, რომ ნესტი აღარ გაჩენილიყო ტაძარში, თუმცა, საჭიროა რომ ჰაერის ნაკადმა იმოძრაოს - იმ შემთხვევაში თუ ვინტილაცია არ დამონტაჟდება, გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიწვევს ბზარების გაღრმავებას, მარილების მიგრაციას, რაც ფრესკებს კიდევ უფრო მეტად დააზიანებს.
მეექვსე ზამთარია უნიკალური მონასტერი უმძიმეს მდგომარეობაშია - ამბობენ სპეციალისტები. ისინი თვლიან, რომ დათბობის ამ მეთოდის გამოყენებით ფასადის ქვა დაზიანდება. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა კი გელათის რეაბილიტაციის კომიტეტს ეკისრება, რომლის მიზანიც სამონასტრო კომპლექსის დაზიანებისა და განადგურებისგან დაცვაა. თუმცა, ვებ-გვერდზე არ იძებნება ინფორმაცია ვინტილაციის სისტემასა და გათბობის დამონტაჟებასთან დაკავშირებით.
საზოგადოებაში გაჩენილი ეს კითხვები აბსურდულია გელათის რეაბილიტაციის კომიტეტისთვის. მამა კირიონი, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, განმარტავს, რომ გათბობის სისტემის დამონტაჟება თოვლის დნობის პროცესის გამარტივებისთვის მოხდა - გათბება დროებით გადახურვასა და ტაძარს შორის არსებული სივრცე და გვარწმუნებს, რომ ეს პროცესი ფრესკებს და კედლებს არ დააზიანებს.