რა ექსპერიმენტი ჩაატარა ხალხზე "ოცნებამ" - თბილისში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წარმომადგენლების ჩამოსვლას ითხოვენ
მტკიცებულებების და კლინიკური შემთხვევების გაანალიზების შემდეგ ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ვარაუდობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე ქართველი ხალხის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ექსპერიმენტი ჩაატარა.
რადგან ქიმიური მოწამვლის საქმეზე სუს-ის გამოძიებით კითხვები უფრო მეტი დარჩა ვიდრე პასუხები, სამოქალაქო საზოგადოება საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს. 13 არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვას 3 ადრესატი ჰყავს - მესამე სექტორი ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას, გაეროს სპეციალურ მომხსენებლებსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მტკიცებულებებს აწვდის და მოუწოდებს საქართველოში საგამოძიებო მისია გამოაგზავნონ.
არსებობს თუ არა ობიექტური გამოძიების რესურსი დარბევებიდან ერთი წლის თავზე, როცა შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები პირდაპირ ამბობენ, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მტკიცებულებების დიდი ნაწილი უკვე განადგურებულია - ამ კითხვაზე პასუხი მესამე სექტორში აქვთ.
რით მოწამლეს ქართველი ხალხი - ამ ამბის დასადგენად საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის მზადაა კოალიცია "ცვლილებისთვის". გაერთიანებამ უკვე მიმართა 9 საერთაშორისო ორგანიზაციას - ესაა გაეროს 5 თემატური მომხსენებელი, ევროკავშირის ადამიანის უფლებების სპეციალური წარმომადგენელი, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები. კოალიცია ასევე ითხოვს ეუთოს სპეციალური საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედებას - რაც გულისხმობს იმას, რომ ეუთოს წევრი 10 ქვეყნის ინიციატივის შემთხვევაში ქვეყანაში ფაქტების დამდგენი მისია გამოიგზავნოს.
კოალიციამ გამოკითხა ადამიანები, ვინც დარბევების დროს დაზარალდა. საბოლოოდ ანგარიშში 59 ადამიანი მოხვდა და ყველაფერი დოკუმენტურად გაიწერა. ეს მტკიცებულებები კი უკვე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშია.
"ქართული ოცნების" ლიდერებს მამუკა მდინარაძის 5 დღეში ჩატარებული გამოძიება აკმაყოფილებთ, თუმცა კონკრეტულ კითხვებზე პასუხი თავადაც არ იციან. ვერ გვეუბნებიან რა ნივთიერება და რა დოზით გამოიყენეს უმძიმესი დარბევების პირველ დღეებში და მაინც ამბობენ, რომ ყველაფერზე პასუხი უკვე გაცემულია.