"მხნედ იყავი დედიკო და ყველაფერი კარგად იქნება" - დედის მიმართვა ლევან ხაბეიშვილს
"მხნედ იყავი დედიკო და ყველაფერი კარგად იქნება" - ასე მიმართა დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ლევან ხაბეიშვილს დედამ, მარინა კოტრიკაძემ.
მისი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ოჯახმა და ადვოკატებმა სახალხო დამცველს მიმართეს, რათა ლევან ხაბეიშვილმა ციხეში თავისი შვილების ნახვა შეძლოს.
მარინა კოტრიკაძის თქმით, სახალხო დამცველთან შეხვედრა ხვალ, თერთმეტის ნახევარზე გაიმართება.
ლევან ხაბეიშვილი გამოკეტეს ციხეში, ფაქტობრივად დაატყვევეს სამშობლოს სიყვარულისთვის, მოქალაქეების უფლებების დაცვისთვის და მათი ჯანმრთელობის დაცვისთვის. როგორც ვიცით, ლევანი სატელევიზიო ეთერებით მოუწოდებდა გდდ-ს თანამშრომლებს, რომ არ შეესრულებინათ უკანონო დავალება და ხელი არ აღემართათ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ამის გამო, რა თქმა უნდა, დააპატიმრეს და პლუს ამას შეუზღუდეს ყველანაირი კომუნიკაცია. კომუნიკაცია მცირეწლოვან შვილებთანაც კი, ამის გამო მივმართე სახალხო დამცველს და ხვალ გვაქვს შეხვედრა თერთმეტის ნახევარზე, მე, ქალბატონი თეონა ჭალიძე და ლევანის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე უნდა შევხვდეთ სახალხო დამცველს.
მე პირადად ლევანთან შეხვედრა არ მქონია, მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო პროცესებზე ვნახულობ ჩემ შვილს, პროკურატურასთან გამართული აქციის შემდეგ, ერთჯერადად ბავშვებს მისცეს უფლება ერთი საათით, შუშის იქეთ შეხვედროდნენ მამას. ახლა მივმართეთ სახალხო დამცველს, დაგვეხმარონ ბავშვების უფლებები რომ იყოს დაცული, მე არ ვითხოვ პირადად შეხვედრას და ნამდვილად გამიჭირდება ჩემი შვილის ციხეში ნახვა. შვილებს შეახვედრონ თავისი მამა. [...]
მხნედ იყავი დედიკო და ყველაფერი კარგად იქნება. მე მხნედ ვარ და ღვთის წყალობით ყველანი მალე გამოხვალთ გარეთ," - თქვა მარინა კოტრიკაძემ.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილი სუსმა 2025 წლის 11 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულის“ ოფისთან დააკავა. მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.
პოლიტიკოსს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება ეკრძალება.