როგორ და რისთვის დააკავა დე ფაქტო რეჟიმმა თამარ მეარაყიშვილი - ახალი დეტალები
საოკუპაციო რეჟიმი თამარ მეარაყიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს. თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კაგებემ განაცხადა, რომ აქტივისტს ქართულ და უცხოურ მედიასთან კომუნიკაციას ედავებიან. სწორედ ამის საფუძველზე წაუყენეს საქართველოს მოქალაქეს ბრალი ჯაშუშობის საქმიანობაში.
„მედიამ მოქალაქე გამოიყენა პროპაგანდისტული საქმიანობისთვის, რათა ხელი შეეწყო საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების ინტერესების დასაცავად“, - აღნიშნა სააგენტოს პრესსამსახურმა.
მეარაყიშვილის მეგობრები ამბობენ, რომ აქტივიტს ადვოკატი არ ჰყავს. ასევე იხსენებენ, როგორ მოხდა მათი მეგობრის დაკავება.
როგორც მისი ცხინვალელი მეგობრების გადმოცემით ვიცი, სახლთან ჯერ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მივიდნენ, კარზე უბრახუნებდნენ. შემდეგ ორი მისთვის დაუდგენელი პირი გადაძვრა სახლში და მოასწრო თამარმა, რომ მეგობრებისთვის მიეწერა, რომ ახლა შემომივარდნენ სახლშიო და ამის შემდეგ უკვე იკარგება მასთან კონაქტი. მოგვიანებით, უკვე საღამოს, დე აქტო პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ თითქოს სამოქალაქო აქტივისტი საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა. ეს არის სრული აბსურდი. მან რამდენიმე სასამართლო უკვე მოუფო ცხინვალისვე სსამართლოში დე ფაქტო ხელისუფლებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას ბრალი ედებოდა რაღაც ყალბი დოკუმენტების გამოყენებაში თითქოს ასე აიღო მან პასპორტი, თუმცა მოგებული აქვს ეს პროცესი და ისევ აპირებდა საპროტესტო აქციის გამართვას, იმიტომ, რომ მას არ ეძლევა გადაადგილების უფლება, შრომის უფლება, არ აქვს პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტი. ამხელდა ძირითადად, იქაურ განუკითხაობას. ამიტომ მე მივიჩნევ, რომ ის არის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული, პოლიტპატიმარია დე ფაქტო ხელისუფლების, - ამბობს მეარაყიშვილის მეგობარი.
ოკუპირებულ ცხინვალში ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამილა მეარაყიშვილი დააკავეს. განცხადება დეფაქტო რეჟიმის პროკურტურამ გვიან ღამით გაავრცელა. ახალგორელ აქტივისტს ჯაშუშობას ედავებიან და მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დაკავებამდე ერთი დღით ადრე მეარაყიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებდა, რომ წლების განმავლობაში ეზღუდებოდა ფუნდამენტური უფლებები - არ აძლევდნენ პასპორტს, არ გასცემდნენ საშვს მის შვილზე და არ მისცემდნენ მუშაობის საშუალებას. აქტივისტი ადგილობრივ დე ფაქტო ხელისუფლებას პირად შეხვედრას სთხოვდა და აფრთხილებდა, რომ უარის შემთხვევაში მოედანზე ერთკაციან საპროტესტო აქციას მოაწყობდა.
ამავე ვიდეოში მეარაყიშვილი პირდაპირ საუბრობდა დე ფაქტო რეჟიმის შიგნით არსებულ სისტემურ პრობლემებზე, უთანასწორო მოპყრობაზე და შესაძლო კორუფციულ პრაქტიკებზე, რითაც, მისი თქმით, „ხელისუფლების განუკითხაობას ამხელდა“.