საშინლად დაუცველია ახლა, შესაძლოა, მოხდეს მისი ლიკვიდაციაც - თამარ მეარაყიშვილის მეგობარი

23.12.25 15:35
საშინლად დაუცველია ახლა, შესაძლოა, მოხდეს მისი ლიკვიდაციაც - თამარ მეარაყიშვილის მეგობარი

ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული თამარ მეარაყიშვილის ახლობლები შიშობენ, რომ აქტივისტი შესაძლოა, გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდეს. მეარაყიშვილის მეგობარი ნინო დალაქიშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ სამოქალაქო აქტივისტის ლიკვიდაციაც კი მოხდეს.

დალაქიშვილი ამბობს, რომ მეარაყიშვილი დე ფაქტო ხელისუფლებას ყელში ჰყავდა გაჩხერილი, რადგან ის იყო ერთადერთი, ვინც იქ არსებულ პრობლემებზე ხმამაღლა საუბრობდა.

ის იღწვის, იბრძვის იმისთვის, რომ მიეცეს გადაადგილების უფლება. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც არის მავთულხლართით შემოსაზღვრულ ადგილას, მას ყველანაირი საბუთი ჩამორთეული აქვს, ყველანაირი უფლება შეზღუდული აქვს, შვილის ნახვის უფლებაც კი შეზღუდული აქვს და ცდილობენ, ის გამოაგდონ. ის არ მოდის, არ ტოვებს მის მშობლიურ სახლს.

თამარი არის ახლა საშინლად დაუცველი. მის მიმართ ამდენი წლის განმავლობაში განხორციელებული წნეხის შემდეგ არ გამოვრიცხავ მის ფიზიკურ ლიკვიდაციას. ღმერთმა დაიფაროს, ფიზიკურად მის მიმართ განხორციელებულ რაიმე საშინებელბას, არაფერს გამოვრიცხავ. ჩემი აზრით, მისი მდგომარეობა წამებასთან არის გათანაბრებული. ყელზე ადგას დე ფაქტო ხელისუფლებას ეს ადამიანი. ის არის ერთადერთი აქტივისტი, ქალი, რომელიც ხმას იღებს და რაღაც სიტყვას ამბობს, - ამბობს ნინო დალაქიშვილი. 

ოკუპირებულ ცხინვალში ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამილა მეარაყიშვილი დააკავეს. განცხადება დეფაქტო რეჟიმის პროკურტურამ  გვიან ღამით გაავრცელა. ახალგორელ აქტივისტს ჯაშუშობას ედავებიან და მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

დაკავებამდე ერთი დღით ადრე მეარაყიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებდა, რომ წლების განმავლობაში ეზღუდებოდა ფუნდამენტური უფლებები - არ აძლევდნენ პასპორტს, არ გასცემდნენ საშვს მის შვილზე და არ მისცემდნენ მუშაობის საშუალებას. აქტივისტი ადგილობრივ დე ფაქტო ხელისუფლებას პირად შეხვედრას სთხოვდა და აფრთხილებდა, რომ უარის შემთხვევაში მოედანზე ერთკაციან საპროტესტო აქციას მოაწყობდა.

ამავე ვიდეოში მეარაყიშვილი პირდაპირ საუბრობდა დე ფაქტო რეჟიმის შიგნით არსებულ სისტემურ პრობლემებზე, უთანასწორო მოპყრობაზე და შესაძლო კორუფციულ პრაქტიკებზე, რითაც, მისი თქმით, „ხელისუფლების განუკითხაობას ამხელდა“.

 

მსგავსი სიახლეები