მილიონების მითვისების საქმე - შეუცვლის თუ არა სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას "სფერო ჰოლდინგის" შეფს
თბილისის საქალაქო სასამართლოში "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებლის, გივი წულეისკირის პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე ცოტა ხანში აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებს.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვს.
დღეს, საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. დარბაზში პროცესს ესწრებიან "სფერო ჰოლდინგის" მიერ დაზარალებული მოქალაქეებიც.
ცნობისთვის, "სფერო ინვესტი" დაზარალებული მოქალაქეებისგან თანხმობას და დახმარებას ითხოვდა იმისთვის, რომ კომპანიის დაკავებულ ხელმძღვანელს პატიმრობა გირაოთი შეუცვალონ. 6 დეკემბერს გიგა წულეისკირის და გიორგი მურუსიძის ადვოკატებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს, სადაც თქვეს რომ ბრალდებულ ბიზნესმენებს კრიზისის დასრულების გეგმა აქვთ და მხოლოდ სამართლებრივი საკითხების მოგვარების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი დაზარალებულებისთვის კუთვნილი ბინის ფულის დაბრუნება.
- შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო „სფერო ინვესტის“ დირექტორის გიორგი მურუსიძის მიმართ. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულთა ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს.