წყარო: 20 წლის ბიჭის ცემის შემდეგ პოლიციამ სავარაუდოდ სისხლის კვალი წაშალა [ვიდეო]

05.01.26 15:19
წყარო: 20 წლის ბიჭის ცემის შემდეგ პოლიციამ სავარაუდოდ სისხლის კვალი წაშალა [ვიდეო]

 

 

გორში 20 წლის ახალგაზრდის სავარაუდო ცემის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი - ვიდეო-მასალაში, რომელსაც "პირველებს" წყარო აწვდის, ჩანს პოლიციელი.

ვიდეოს ავტორის მტკიცებით, სამართალდამცავი გორში მდებარე განყოფილების შენობას, სავარაუდოდ, სისხლის კვალისგან ასუფთავებს, რადგან წყარო "პირველებს" უყვება, რომ კადრები ლუკა თოფჩიშვილის სასტიკად ცემის შემდეგ არის გადაღებული.

"პირველები" ვითარების გასარკვევად აღნიშნულ პოლიციის განყოფილებაში მივიდა, თუმცა იქ კითხვებზე პასუხს არ იძლევიან.

ამასთან, ირკვევა რომ ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკაში მყოფი ახალგაზრდა ცოტა ხნის წინ იზოლატორში გადაიყვანეს. 

რატომ გახდა საჭირო ლუკა თოფჩიშვილის სასწრაფო წესით იზოლატორში გადაყვანის აუცილებლობა, ოჯახს არ ეუბნებიან.

მდგომარეობასაც იქ გეტყვიან და ყველაფერსო, აქედან წაიყვანესო. ყველაფერი პოლიციასთან მოიკითხეთო და პოლიცია ყველაფერზე პასუხისმგებელიო, - ამბობს ოჯახის წევრი. 

20 წლის ახალგაზრდა პოლიციას სასტიკ ძალადობაში ადანაშაულებს. ლუკა თოფჩიშვილი ირწმუნება, რომ გორში მასზე 15-მდე სამართალდამცველმა ჯერ ქუჩაში იძალადა, შემდეგ კი ფიზიკურად პოლიციის განყოფილებაში გაუსწორდა. 

მსგავსი სიახლეები