მკვლელობა მარნეულში - ბრალდებული ამ დრომდე არ დაუკავებიათ
მკვლელობა მარნეულის ბაზარში - პოლიციას შეიარაღებული თავდამსხმელი ამ დრომდე არ დაუკავებია.
გელაძის უწყების თანამშრომლები 3 დღეა უშედეგოდ ეძებენ პირს, რომელმაც 27 წლის კაცი მარნეულის ბაზარში ჩაცხრილა.
ოჯახის ინფორმაციით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ცხადყოფს, რომ დამნაშავე მარნეულის ცენტრიდან კახეთის მიმართულებით გადაადგილდება, რის შემდეგაც მისი კვალი ქრება.
მოკლული ბიჭის ოჯახი ამბობს, რომ დამნაშავე, რომელიც სისხლიან ანგარიშსწორებაში მონაწილეობდა, დანაშაულის ერთადერთი ინიციატორი არ იქნებოდა. მათი თქმით, დამნაშავეს სავარაუდოდ მფარველები ჰყავდა, რომელთაც აღნიშნული მკვლელობა დაუკვეთეს.
მოკლულის მამამ "პირველებს" უთხრა, რომ მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე, მათ ე.წ. კანონიერი ქურდის სახელით უკავშირდებოდნენ და ფულის გამოძალვას ცდილობდნენ.
არის კიდევ ერთი დეტალი, კლინიკაში, სადაც დაჭრილი გარდაიცვალა, დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც დაზიანდა ინვენტარიც. გარდაცვლილის ნათესავების მტკიცებით, პოლიციამ ისინი ამ ინცინდენტის გამო 15 000 ლარით დააჯარიმა.
ინფორმაციას ვეკითხებით, რა ხდება? ყველაფერი კარგად არის. ოპერაცია 5-ზე ჩატარდა. გახდა 6 , 10 საათი... ათ საათზე გვეუბნებიან ბავშვი გარდაიცვალა. ბავშვს ეკეთა საქორწინო ბაჯაღლოს ბეჭედი, სამაჯური... 25 წლის ბავში, როგორ გინდა? ამაზე აღელდა ხალხი, შევიდნენ, რაღაც დაარბიეს, ახლა 150 კაცი იყო.. ახლა, საჩივარია ჩვენზე, 15 ათასი ლარი ჯარიმა უნდა. ექიმს უთქვამს, 15 ათასი ლარი მოიტანეთ, ბეჭედი ჩენთან იქნება და მერე მოგცემთ. 4 დღეა დამნაშავე დღესაც ვერ დაუკავებიათ... ვერ გაგვიგია საავადმყოფოა თუ სასაკლაო, - ამბობს მოკლულის ოჯახის წევრი.