"ოცნება" სამართლიანი შერიფის როლის მორგებას ცდილობს" - ვინ სწავლობს ფასების საკითხს?
რატომ იზრდება ფასები რეკორდულად პროდუქტებზე? - სუს-ის შემდეგ, მოკვლევას კობახიძის საბჭო იწყებს, რომელიც სამინისტროს და ცალკეული სამსახური წევრებისგან არის დაკომპლექტებული.
ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ კომისიის შემადგენლობაში მყოფ ადამიანებს ფასების ზრდასთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
ფასების სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არის ეროვნული ბანკი - ამბობენ ეკონომისტები და აცხადებენ, რომ ნათია თურნავას უწყებამ "თავისივე დადგენილ ფასების დონეს ვერც ერთხელ ვერ გაარტყა".
პაატა ბაირახტარის თქმით, "ოცნება" ახლა ერთი მხრივ პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობს და მეორეს მხრივ, "სამართლიანი შერიფის როლის მორგებას", თითქოს რაღაცის გამოსწორებას აპირებს.
4 სამინისტრო და 2 ცალკეული სამსახური იძიებს ფასების ზრდის მიზეზს ჩვენს ქვეყანაში. რეალურად თუ შევხედავთ, არცერთ მათგანს ფასების ზრდასთან არც პირდაპირი და არც ირიბი კავშირი არ აქვს. ჩვენს ქვეყანაში ფასების სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არის ეროვნული ბანკი და მას არავინ ეკითხება, როგორ მოხდა ის, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ეროვნულმა ბანკმა თავისივე დადგენილ ფასების დონეს ვერც ერთხელ ვერ გაარტყა.
"ოცნება" ერთი მხრივ პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობს და მეორეს მხრივ, სამართლიანი შერიფის როლის მორგებას, თითქოს ის რაღაცის გამოსწორებას აპირებს ფასების მიმართულებით, ოღონდ სამწუხარო გახლავთ ის, რომ ღია ბაზრის ეკონომიკაში ფასები ასე არ რეგულირდება", - ამბობს პაატა ბაირახტარი.
ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი კი "ოცნების" მხრიდან "ბიზნესის მოთვინიერების" მცდელობაზე საუბრობს. მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური ბრძოლის მეთოდების გადატანა ეკონომიკაზე.
ინფლაციასთან ბრძოლის და ბიზნესის მოთვინიერების ცენტრალური ორგანო შეიქმნა, "მასკირებული შეტევა" იგეგმება როგორც ჩანს ბიზნესზე. ეს არის რაღაცა პოლიტიკური ბრძოლის მეთოდების გადატანა ეკონომიკაზე და ბიზნეს პროცესებზე. ეს რომ ძალიან ცუდად დამთავრდება, მგონი ამაში არავის ეპარება ეჭვი. ეს ხდებოდა 20-იანი წლების მეორე ნახევარში, როდესაც ჯერ კიდევ არასტაბილური იყო მმართველობა ბოლშევიკების. ყველაფერი დამთავრდა კოლექტივიზაციით, ფასების კონტროლით და კერძო საკუთრების გაუქმებით. მე იმედი მაქვს, რომ აქამდე არ მივალთ. დღეს დისტრიბუტორები და რითეილერები გამოცხადდნენ ფაქტიურად კულაკებად", - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
"ქართული ოცნების" პრემიერმინისტრმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა.
2025 წლის 30 დეკემბრის განკარგულების თანახმად, საკოორდინაციო კომისიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
კომისიის შემადგენლობაში არიან:
- მამუკა მდინარაძე;
- მარიამ ქვრივიშვილი;
- დავით სონღულაშვილი;
- ლაშა ხუციშვილი;
- მიხეილ სარჯველაძე;
- ლევან ჟორჟოლიანი;
- ირაკლი ლექვინაძე.
მაღალი ფასების საქმეზე ირაკლი კობახიძემ 24 დეკემბერს გამოძიება დაანონსა. კობახიძის თქმით, მაღაზიების მფლობელები უსამართლოდ ზრდიან ფასებს და საქართველოში პროდუქციას „შემოსვლიდან დახლამდე“ საშუალოდ 86% ემატება. შესაბამისად, ბიზნესს ახლა მოუწევს ახსნა, რატომ ხდება მსგავსი გაძვირება. აღნიშნული საკითხზე მოკვლევა სუსმა დაიწყო.