პროკურორმა ზოდელავას განცხადების "აღიარება" უწოდა, ფაქტს ადვოკატების პროტესტი მოჰყვა

08.01.26 15:36
პროკურორმა ზოდელავას განცხადების "აღიარება" უწოდა, ფაქტს ადვოკატების პროტესტი მოჰყვა

პროკურატურის მტკიცებით, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, "ფაქტობრივად აღიარა, რომ სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებას ცდილობდა" ბრალდების მხარის ამ ფორმულირებას კატეგორიულად არ ეთანხმება ექს-მაღალჩინოსნის ადვოკატი. 

  • მურთაზ ზოდელავამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა: "ჩემი მიზანი იყო, რომ ახლო ლოკაციის ხალხით ავსება მომხდარიყო. ამიტომ გამოძიება უნდა მიდიოდეს პიკეტირების მუხლით და არა იმ მუხლებით, რომლითაც დღეს მიდის. როდესაც სასახლესთან მივედი მოხდა ის, რაც მოხდა".

პროკურორის, თამარ ბეჟუაშვილის განცხადებით, თუ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს "ძალიან კარგად იციან მათმა ადვოკატებმა როგორ შეიძლება ბრალდების მხარეს მიმართონ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით".

პირები, ვინც აღიარებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს და შემდგომში უდავოდ ხდიან მტკიცებულებებს, მათზე გარკვეული სამართლებრივი შეღავათები ვრცელდება. ამ შემთხვევაში ყველა ბრალდებულის მიმართ ინდივიდუალურად მოხდება შეფასება კონკრეტული საკითხის. ბრალდებული, ამაზე არაერთხელ განვაცხადეთ, თუ ბრალდებული აღიარებს, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს სამართლებრივი ფორმა ძალიან კარგად იციან მათმა ადვოკატებმა როგორ შეიძლება ბრალდების მხარეს მიმართონ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. 

შეფასების საკითხი სასამართლოს გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში რაც იყო არის ის, რომ მურთაზ ზოდელავამ ფაქტობრივად აღიარა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა. თქვა, რომ ობიექტური იქნებოდა ამაზე მსჯელობაო და სრულიად ობიექტური არის ამ საკითხზე სამართლებრივი პოლემიკის წარმოებაო," -  განაცხადა თამარ ბეჟუაშვილმა. 

ბრალდების მხარის განცხადებას ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოშივე უპასუხეს. მათი თქმით, პროკურატურა თავად აღიარებს, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მთავარ ბრალს, რომელიც მურთაზ ზოდელავასთვის აქვთ წაყენებული, ადგილი არ ჰქონია. 

მურთაზ ზოდელავას ადვოკატის, მაია მუმლაძის განმარტებით სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა მხოლოდ ის თქვა, რომ შეიძლება სადავო გამხდარიყო 222-ე მუხლის არსებობის საკითხი. 

მურთაზმა თქვა ერთადერთი რამ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიდავოთ იმაზე არსებობს, თუ არა 222-ე მუხლის მცდელობის შესაძლებლობა და ამაზე დავის შესაძლებლობა. შეიძლება სადავო გამხდარიყო ამ მუხლის არსებობა, არ არსებობის საკითხი, ეს აღნიშნა მურთაზმაც და მე, როგორც იურისტი აბსოლუტურად ვიზიარებ ამ პოზიციას იმ პირობებში თუ ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს ხელისუფლება გვყავს ჩვენ ლეგიტიმური, ხომ არ ჰქონდა ადგილი ამ მუხლის არსებობას ან არარსებობას, რაზეც ჩვენ შეგვეძლო აქ გვედავა სამართლებრივად. ამაზე იყო მხოლოდ საუბარი იმიტომ, რომ ჩემი მეუღლეც... ეს იყო სამართლებრივი შეფასება, აბსოლუტურად სწორი იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ დღეს პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არათუ რამეს ადასტურებს, არამედ გამორიცხავს აბსოლუტურად იმას, რომ რაიმე ორგანიზებას, მით უფრო ძალადობრივი ჯგუფის არსებობას ჰქონდა ადგილი," - თქვა მურთაზ ზოდელავას ცოლმა, მაია მუმლაძემ. 

  • ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
  • ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები