თქვენ მხოლოდ ყვავილი დაინახეთ... - რას ამბობს სასახლის ღობის საქმის პროკურორი

09.01.26 16:07
თქვენ მხოლოდ ყვავილი დაინახეთ... - რას ამბობს სასახლის ღობის საქმის პროკურორი

თქვენ მხოლოდ ყვავილი დაინახეთ, რაც ასე არ არის.... - სასახლის ღობის საქმის პროკურორი, როინ ხინთიბიძე ირწმუნება, რომ დავით ღურწკაია 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდებას ცდილობდა.

მისი თქმით, ბრალებულ დავით ღურწკაიას ყვავილის სროლას არავინ ედავება.

  • დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებსი მხარემ ვიდეოჩანაწერები წარმოადგინა. ვიდეოს განხილვისას ბრალდებულმა დავით ღურწკაიამ განაცხადა, რომ პირი, რომელიც პოლიციელების მისამართით ყვავილს ისროდა, თავად იყო.

„დავით ღურწკაიას ყვავილის სროლას არავინ ედავება... ზოგიერთი ბრალდებულის მიმართ არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ ის ეზოში შესული არაა, თუმცა, ეს ბრალდებულები ეზოსთან, ღობესთან დგანან, ზოგიერთი მათგანი ცდილობს რომ დააზიანოს ღობე, ზოგიერთი მათგანი გარკვეულ საგნებს ისვრის იქ მყოფი პოლიციელების მიმართულებით. იმ ბრალდებულების მიმართ, რომლებიც სხედან საბრალდებო სკამზე და რომელთა მიმართაც დღეს ვიდეოჩანაწერები გამოვიკვლიეთ, ჩანს, რომ ან ერთ შემთხვევაში შედიან შიგნით და სასახლეში შეჭრას ცდილობენ, მეორე შემთხვევაში ზოგიერთი მათგანი ცდილობს ღობის დაზიანებას, ან აზიანებს ღობეს და ასე ცდილობს შეჭრას სასახლეში, ზოგიერთი მათგანი გარკვეულ ნივთებს ისვრის.

ღურწკაია სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებას ცდილობს ძალადობით, ჯგუფური ძალადობის სხვა მონაწილეებთან ერთად, რომელიც წარმოადგენს ორ დანაშაულს, რაც მას ბრალად აქვს წარდგენილი. ის ცდილობს პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდებას, თქვენ მხოლოდ ყვავილი დაინახეთ, რაც ასე არ არის. ეს ადამიანები იქ იმიტომ იყვნენ, რომ სტრატეგიული ობიექტი ხელში ჩაეგდოთ. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ზოგიერთი ეზოში იჭრება და ისე ცდილობს ხელში ჩაგდებას, ზოგიერთი აზიანებს იქ არსებულ ღობეს. რაც შეეხება ყვავილის ეპიზოდს, ეს წარმოდგენილი იყო, რადგან სწორედ აღნიშნული ვიდეოჩანაწერით მოხდა სახის იდენტიფიცირება და გაიგივება“, - აცხადებს ხინთიბიძე.

მოსამართლე ვაღიარებ, რომ ყვავილი ვისროლე - განაცხადა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დავით ღურწკაიამ. 

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღურწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები