ნადარეიშვილი: “გაურკვეველი სტატუსი“ კანონში არ არსებობს და ქმნის მუდმივი ზეწოლისა და შიშის მდგომარეობას

10.01.26 13:45
ნადარეიშვილი: “გაურკვეველი სტატუსი“ კანონში არ არსებობს და ქმნის მუდმივი ზეწოლისა და შიშის მდგომარეობას

“გაურკვეველი სტატუსი“ კანონში არ არსებობს... სახელმწიფოს არ აქვს უფლება ადამიანი დატოვოს „შუაში“ - არც ბრალდებულია, არც თავისუფალი" - ასე ეხმაურება  ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი მის შესახებ პროკურორის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლის "სამართლებრივი სტატუსი ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის".

როგორც ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, “გაურკვეველი სტატუსი“ ქმნის მუდმივი ზეწოლისა და შიშის მდგომარეობას და ფიქრობს, რომ ამას მის პატიმრობაში მყოფ მეუღლესთან ზეწოლის შესანარჩუნელბად იყენებენ.  

საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობა არ იცნობს სამართლებრივ სტატუსს „ეჭვმიტანილი“. ეს ტერმინი ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს განზრახ ამოღებულია კანონიდან, რადგან წარსულში ის გამოიყენებოდა ადამიანების გაურკვეველ მდგომარეობაში უსასრულოდ დატოვებისთვის — უფლებების გარეშე, ვადების გარეშე და დაცვის მექანიზმების გარეშე.
დღეს კანონით არსებობს მხოლოდ მკაფიო სტატუსები, მაგალითად: ბრალდებული, მოწმე, დაზარალებული და ყოველ სტატუსს ახლავს კონკრეტული უფლებები, ვალდებულებები და მკაცრი ვადები.
“გაურკვეველი სტატუსი“ კი არ არსებობს კანონში და ქმნის მუდმივი ზეწოლისა და შიშის მდგომარეობას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციას, სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს — იურიდიული განსაზღვრულობის პრინციპს.
სახელმწიფოს არ აქვს უფლება ადამიანი დატოვოს „შუაში“არც ბრალდებულია, არც თავისუფალი. ეს არის სამართლებრივი აბსურდი და ავტორიტარული პრაქტიკა.
ჩემს შემთხვევაში პროკურატურა საჯაროდ აცხადებს, რომ ჩემი „სტატუსი ჯერ არ არის განსაზღვრული“ და ამავე დროს, არ მაძლევს წერილობით ოფიციალურ პასუხს.
ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს - რეჟიმი დაბნეულია, რადგან ვერ ამართლებს ჩემს წინააღმდეგ ბრალის წარდგენას, მაგრამ ამავე დროს ცდილობს ზეწოლის შენარჩუნებას  ჩემზე და ჩემს პატიმრობაში მყოფ მეუღლეზე.
ეს არ არის სამართალი, ეს არის რეპრესიული ტაქტიკა! 
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია / Georgian Bar Association საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia 
პ.ს. არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციები დარჩა რამე საქართველოში?