საეჭვო ტანკერი ყულევში - შემოსავლების სამსახური ადასტურებს, რომ გემი რუსულ კომპანიას ემსახურება
ყულევის პორტში 40 143 ტონა ნედლი ნავთობი შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას "პირველებს" შემოსავლების სამსახური უდასტურებს და აღნიშნავს, რომ ტანკერი "ნოსტესი" რუსული კომპანიიდან ერთ-ერთი უცხოური შეუალედური კომპანიის მიერ იყო დატვირთული. ამის მიუხედავად, უწყება არ ასახელებს რომელ კომპანიებზეა საუბარი და ირმწუნება, რომ მიზეზი საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციაა.
საშემოსავლო სამსახური ასევე სპეციალურ განცხადებაში ამტკიცებს, რომ გემი კანონმდებლობის სრული დაცვით შემოვიდა ქვეყანაში და ტვირთი მოექცა იმპორტის პროცედურაში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 8 იანვარს, ყულევის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი ,,NOSTOS“ (რეგისტრაციის ნომრით 9258014), რომელზეც დატვირთული იყო რუსული კომპანიიდან, ერთ-ერთი უცხოური შუალედური კომპანიის მიერ, ქართული კომპანიისთვის (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურაში მოქცევისთვის განკუთვნილი 40 143 ტონა ნედლი ნავთობით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. გამომდინარე აქედან, იგი კანონმდებლობის სრული დაცვით შემოვიდა ქვეყანაში და ტვირთი მოექცა იმპორტის პროცედურაში.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში - მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება.
შემოსავლების სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივად ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს და გამკაცრებულ კონტროლს, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს და არ იქნეს დაშვებული სანქციებისაგან თავის არიდებისათვის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გამოყენების მცდელობა, - ნათქვამია განცხადებაში.
ყულევის ტერმინალში საეჭვო ტანკერი შევიდა. ტანკერი, სახელწოდებით "ნოსტოსი", ამ დროისთვის ოფიციალურად სანქცირებული არ არის, თუმცა საერთაშორისო მონიტორინგის სისტემებზე მონიშნულია, როგორც გემი, რომლითაც სავარაუდოდ სანქცირებული რუსული ტვირთი გადააქვთ.