ტანკერმა „ნოსტოსმა“ ყულევის ნავთობტერმინალი დატოვა - ადგილზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

12.01.26 17:38
ტანკერმა „ნოსტოსმა“ ყულევის ნავთობტერმინალი დატოვა - ადგილზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

ტანკერმა „ნოსტოსმა“ ყულევის ნავთობტერმინალი დატოვა და ნოვოროსისკის მიმართულებით გაემართა, რაც რადარის მონაცემებით დასტურდება. ეს მიუთითებს, რომ ტერმინალში სრულად იქნა ჩამოტვირთული დაახლოებით 40 ათასი ტონა ნედლი ნავთობი.

ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ ყულევის ტერმინალთან მისასვლელ გზაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები დაწესდა. აღნიშნულ ფაქტზე ინფორმაციას "ტვ პირველს" სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა აწვდის. 

ამ გემმა, რომელიც შემოსული იყო ყულევის ნავთობტერმინალში, სასწრაფო რეჟიმში დაცალა ნავთობი და სასწრაფოდ გაემართა ნოვოროსიისკენ. ეს გახლავთ სანქცირებული გემი, რომელიც წარმოადგენს ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენელ ნაწილს. ეგრევე პოლიცია დადგა მთელ პერიმეტრზე და ცდილობდა, გადაეკეტა ყულევის ტერმინალთან მიმავალი გზები. რატომ გაკეთდა ეს? რატომ შეწუხდნენ და რატომ გადაკეტეს მისასვლელი გზები ტერმინალთან? ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სამწუხაროდ, საქართველო უკვე ჩამოყალიბდა რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორად, უკვე შესაძლოა, ეკონომმიკურ სანქციებსაც გამოვკრათ ხელი, - ამბობს დავით ქაცარავა.

შეგახსენებთ, რომ ყულევის ნავთობტერმინალში შევიდა ტანკერი „ნოსტოსი“, რომელიც საერთაშორისო მონიტორინგის სისტემებში მონიშნულია როგორც გემი, რომლითაც შესაძლოა სანქცირებული რუსული ნავთობი გადაჰქონდეთ.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ტერმინალში 40 143 ტონა ნედლი ნავთობი შემოვიდა, ხოლო ტანკერი რუსული კომპანიიდან ერთ-ერთმა უცხოურმა შუამავალმა დატვირთა. მიუხედავად ეჭვებისა, უწყება აცხადებს, რომ გემი საქართველოში კანონმდებლობის სრული დაცვით შემოვიდა და ტვირთი ოფიციალური იმპორტის პროცედურაში მოექცა, თუმცა კონკრეტულ კომპანიებს საგადასახადო საიდუმლოს მიზეზით არ ასახელებს.