ავარიული კორპუსების პრობლემა თბილისში - ოპოზიცია სავარაუდო კორუფციულ სქემებზე მიუთითებს

14.01.26 17:46
ავარიული კორპუსების პრობლემა თბილისში - ოპოზიცია სავარაუდო კორუფციულ სქემებზე მიუთითებს

ოპოზიცია თბილისის მერიის ავარიული კორპუსების პროგრამას კორუფციული ინტერესებით მართვად პროცესად აფასებს და აცხადებს, რომ სამგორის მცხოვრებთა პრობლემების იგნორირება რეალური ფინანსური ინტერესებით არის განპირობებული. 

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ნიკა ჩერქეზიშვილი კონკრეტული მაგალითებით უკავშირებს მერიის საბიუჯეტო პოლიტიკას და აცხადებს, რომ ხელისუფლება შეგნებულად ბლოკავს ავარიული შენობების გამაგრებისთვის საჭირო რესურსების ზრდას.

საკრებულოს პირველივე სხდომაზე დავაყენე ინიციატივა, რომ გაზრდილიყო 50 მლნ-მდე ავარიული შენობების გამაგრების ბიუჯეტი, თუმაც ეს ინიციატივა "ქართული ოცნების" გუნდის მიერ იქნა უარყოფილი. გაცვდა ეს ხელისუფლება, აღარ გრძნობს ადამიანების მიმართ ანგარიშვალდებულებას, პასუხისმგებლობას. საკრებულოზე ამ ინიციატივას რომ ვაყენებდი, დამცინავი სახეებით გიყურებენ, თითქოს ელაპარაკები რაღაც ირეალურზე და არა იმაზე, რაც ყოველდღიური პრობლემაა თბილისელების. არ ანაღვლებთ, საკუთარი პირადი ინტერესებით არიან დაკავებული , კორუფციული გარიგებებიტ არიან დაკავებული და ამის არაერთი შემთხვევაა და თვითონ აღიარებენ მათი ლიდერები, - ამბობს "ლელოს" წევრი ნიკა ჩერქეზიშვილი.

ივანიშვილის გუნდის ინტერესებზე საუბრობს ასევე პარტია „გახარიას“ წარმომადგენელი ვიკა ფილფანი, რომელიც მიიჩნევს, რომ ავარიული კორპუსების მოუგვარებლობა პირდაპირ უკავშირდება სამშენებლო ბიზნესის სასარგებლოდ მოქმედ სქემებს. 

ავარიული სახლების შეკეთებით ისინი ფულს ვერ შოულობენ და უბრალოდ, მათთვის პრიორიტეტი არ არის ადამიანის სიცოცხლე და ადამიანის ცხოვრება. საქართველოს მოქალაქე "ქართული ოცნებისთვის" არ ნიშნავს არაფერს, სამწუხაროდ. სხვა შემთხვევაში, ამდენი წლის განმავლობაში თბილისში ნამდვილად შეიძლებოდა ამ პრობლემის გადაჭრა, თუმცა ალბათ მათ ინტერესეში პირიქით, შედის ის, რომ ავარიული სახლები დარჩეს ავარიულად, ისინი მალე დაინგრეს, ადამიანები იძლებულები გახდნენ, რომ დატოვონ ეს შენობები და შემდეგ მათ ამ ავარიული სახლების ადგილას ააშენონ და ჩადგან მაღალსართულიანი კორპუსები, - ამბობს გახარიას გუნდის წევრი ვიკა ფილფანი. 

ამ პროცესს კორუფციულ მენეჯმენტსა და სისტემურ ხარვეზებს უკავშირებს ბესიკ დონაძე, რომლის თქმით, მერიის ჩანაცვლების პროგრამა გაუმჭვირვალობისა და უკონკურენტო გარემოს გამო პრაქტიკულად პარალიზებულია. 

არის კორუფციული გარკვეული ინტერესები და ამიტომ ვერ მუშაობს ეს პროგრამები კარგად. თითოეულ ამ პროგრამას აქვს გარკვეული ხარვეზები. პირველი ის, რომ ბიუჯეტი არ არის საკმარისი, რასაც მერია თავისი კაპიტალური ხარჯებით აკეთებს საკმარისი არ არის და არ ეყოფა ამდენ ავარიულ სახლს და მეორე არის ჩანაცვლების, რომელსაც კახა კალაძე გვთავაზობს, რომ არის ძალიან კარგი პროგრამა, ოღონდ ეს კარგი პროგრამა მუშაობს ძალიან ხარვეზით. ხარვეზი არის ის, რომ პირველი - ეს არის ტემპი, ძალიან დაბალი ტემპით მუშაობს ეს პროგრამა და ამ პროგრამას ამ ტემპით თუ გავყვებით, დაახლოებით 40 წელი სჭირდება, რომ სრულად ჩანაცვლდეს კორპუსები. მეორე ეს არის გაუმჭვირვალობა, მესამე ეს არის უკონკურენტო გარემო. ეს არის, ზოგადად, ცუდი მენეჯმენტის ბრალი. ეს არის იმიტომ, რომ კალაძე არ არის კარგი მენეჯერი. მერიის სისტემა არის ჩამოშლილი, პრიორიტეტები არ არის კარგად განსაზღვრული, - ამბობს ბესიკ დონაძე.  

სამგორში, ქეთევან წამებულის გამზირზე, მრავალსართულიანი კორპუსიდან ბეტონის ფილა ჩამოიშალა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ტერიტორიაზე მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.  

მსგავსი სიახლეები