სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულებებმა კობახიძის გამოკითხვა მოითხოვეს

16.01.26 14:14
სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულებებმა კობახიძის გამოკითხვა მოითხოვეს

სასახლის ღობის საქმეზე 15 ბრალდებული მოწმედ ირაკლი კობახიძის დაბარებას და გამოკითხვას ითხოვს.

მათი თქმით, თუ “ოცნების“ პრემიერი არ დაემატება გამოსაკითხ პირთა სიას, პროტესტის ნიშნად შემდეგ პროცესებზე არ დაესწრებიან.

ისინი ასევე სხვა ბრალდებულებს მოუწოდებენ, შემოუერთდნენ მათ მოთხოვნას.

ბრალდებულებს აინტერესებთ, რა სურპრიზი დაახვედრა კობახიძემ აქციის მონაწილეებს, იყო თუ არა ეს წინასწარ გადაჭრილი ღობე და რატომ არ დაინტერესდა ამ სკანდალური აღიარების შემდეგ პრემიერის ჩვენებით საგამოძიებო უწყება.

„ჩვენ ამ ვიდეოების ყურებისას გამოვავლინეთ, რომ ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერანაირი ფაქტი და ვერაფერი, რაც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

შესაბამისი მუხლით არ ხდება ჩვენი გასამართლება, ამიტომ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება: ჩვენ ე.წ. მე-5 ჯგუფი მოვითხოვთ, სასამართლოს წინაშე წარდგეს ე.წ. პრემიერი კობახიძე, რომელმაც წინასწარ დააანონსა და თქვა, რომ გველოდებოდა სიურპირზები.

ჩვენ არ ვიცოდით, რა ხდებოდა და მოვედით. სიურპრიზი რაც დაგვხვდა, ყველამ კარგად ვიცით. ღობე წაიქცა თავისით, არავის არ წაუქცევია ღობე, სამი კაცი ვერ წააქცევდა ღობეს და მოვითხოვთ, კობახიძე იქნას გამოკითხული სასამართლოზე და დაასაბუთოს, რა სიურპრიზი გველოდებოდა 4 ოქტომბერს რეზიდენციასთან, რომლის შესახებაც ჩვენ არაფერი ვიცოდით.

სხვა შემთხვევაში ჩვენ არ ვაპირებთ ამ მასკარადში მონაწილეობის მიღებას, როცა არც კი გვაქვს შესაძლებლობა, გამოვთქვათ ჩვენი აზრი ნორმალურად, რამეთუ ნათელი გახდა, აბსურდული მუხლით გვასამართლებს სასამართლო და გვიწევს ტყუილი ბრალდებების მოსმენა.

ჩვენ, ე.წ. მე-5 ჯგუფი მოვუწოდებთ დანარჩენ ჯგუფებსაც, შემოგვიერთდნენ ამ ინიციატივაში და გავრცელდეს მომდევნო ორი სასამართლოს განმავლობაში. ორი სასამართლოს განმავლობაში არ ვაპირებთ დასწრებას სასამართლოში. მოვითხოვთ, დაიკითხოს ე.წ. პრემიერი, რომელმაც დააანონსა, რომ სიურპირზები გველოდება პრეზიდენტის რეზიდენციასთან“, - განაცხადეს სხდომაზე.

შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. პროკურორ ვაჟა თოდუას განცხადებით, „პოლიტიკური შეფასება მოწმის დაკითხვის საფუძველი ვერ გახდება“.

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა იმსჯელა ბრალდებულების და ადვოკატების შუამდგომლობაზე და ირაკლი კობახიძის გამოკითხვასთან დაკავშირებით დაყენებული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

იგივე მოთხოვნა გუშინდელ პროცესზე მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემაც დააყენა.

შეგახსენებთ, რომ 15 ბრალდებულიდან, გიორგი ჩახუნაშვილი, ია დარახველიძე და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.  დანარჩენი 13 პირი კი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

უფრო კონკრეტულად: 

  • გოჩა ყატაშვილის, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტის, კახაბერ მჟავანაძის, ალექსანდრე გოგოლაძის, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილის, ზაქრო ალბუთაშვილის, გენადი კელიხაშვილის, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძის, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილისა და ია დარახველიძის მიმართ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • რაც შეეხება კიდევ 3 ბრალდებულს, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, ევა შაშიაშვილი და ია დარახველიძე გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

 

მსგავსი სიახლეები