"დღეიდან ვიწყებ შიმშილობას ბოლო ამოსუნთქვამდე" - გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი

20.01.26 15:00
"დღეიდან ვიწყებ შიმშილობას ბოლო ამოსუნთქვამდე" - გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ ის პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში წერს. 

დაკავებული არასრულწლოვანი აღნიშნავს, რომ ის უდანაშაულოა და საკუთარ სინდისთან მართალი ზის ციხეში. თუმცა მისი თქმით არ შეუძლია იჯდეს და უსამართლობას უყუროს, ამიტომ "ბოლო ამოსუნთქვამდე შიმშილობას" იწყებს - "მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე თქვენგან ღირსება შელახული ვიყო მეც და ჩემი ოჯახიც".

ქალბატონო პროკურორო, მოგმართავთ გლდანის ციხიდან, თქვენი და თქვენი უფროსების მიერ თავისუფლება წართმეული არასრულწლოვანი, მოგმართავთ უდანაშაულო ბავშვი, რომელიც მზად ხართ შესწიროთ ოღონდ სისტემას რამე ჩრდილი არ მიადგეს და არ აქვს მნიშვნელობა მართალი ვარ თუ არა, თქვენთვის მთავარია არ გყავდეთ მომჩივანი.

დარწმუნებული ვარ, თქვენ და თქვენმა უფროსებმაც იციან, რომ არ მომიმზადებია დანაშაული, იციან, რომ საერთოდ არ ვყოფილვარ იმ საშინელ დღეს იმ ადგილას, სადაც დატრიალდა ტრაგედია, მაგრამ მიწევს ციხის კედლებში ყოფნა.

თქვენ და თქვენს უფროსებს შვილები გყავთ? გთხოვთ, წამით წარმოიდგინეთ თქვენი შვილი, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია, მაგრამ მისი ციხეში გაშვებით გიკლავენ მას. ხომ საშინელებაა!

იცოდეთ, მეც გულით მტკივა გიგას დედის ტკივილი, მაგრამ უფალთან, საკუთარ სინდისთან მართალი ვარ და ვიცი რომ არ მიმიძღვის ბრალი მის სიკვდილში. ამიტომაც, მეოთხე დღეა დედაჩემი შიმშილობს ჩემ გამო, ბევრი ვიფიქრე, არ მინდოდა დედისთვის გულის ტკენა, დაე მან მაპატიოს, არ შემიძლია ვიჯდე და ვუყურო უსამართლობას. 

დღეიდან ვიწყებ შიმშილობას ბოლო ამოსუნთქვამდე და იცით რატომ გწერთ ამას? - მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე თქვენგან ღირსება შელახული ვიყო მეც და ჩემი ოჯახიც. იმედია ჩემი სიკვდილი დაამშვიდებს უსამართლო ადამიანებს, იქნებით ბედნიერი, მთავარი ხომ საკუთარი სკამია," - წერს დაკავებული არასრულწლოვანი. 

ცნობისთვის, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის დედა, სოფო ძნელაძე მეოთხე დღეა პროკურატურასთან შიმშილობს.  

არასრულწლოვანს ბრალი რამდენიმე დღის წინ, 14 იანვარს დაუმძიმეს. აქამდე მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. დამძიმებული ბრალდება, რომელიც განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებას გულისხმობს, 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რა მოხდა?

საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:

სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.

რამდენი პირი დააკავეს?

საქმეზე ოთხი პირია დაკავებული, აქედან, თავდაპირველად, ბრალდება ორ არასრულწლოვანს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა ავალიანების მოთხოვნის შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდათ.