სტიქაროსნები მღვდელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

24.01.26 21:54
სტიქაროსნები მღვდელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

სტიქაროსნები ერთ-ერთი ეკლესიის მღვდელს სექსუალურ შევიწროებაში და გარყვნილი ქმედების ჩადენაში ადანაშაულებენ - ინფორმაციას "შაბათის ეთერს" წყარო აწვდის. ინფორმირებული ადამიანი "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტებს უყვება, რომ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ, დაახლოებით ორი კვირის წინ, თბილისში მდებარე ტაძრის წინამძღვარს მრევლის ნაწილი ეკლესიის ეზოში დაუპირისპირდა.

ინფორმირებული პირი კონფიდენციალობის დაცვის პირობით ამბობს, რომ ერთ-ერთმა მოზარდმა ეკლესიაში ლოცვაზე წასვლაზე უარი თქვა, რამდენიმე დღის შემდეგ კი მშობლებს უთხრა, რომ მისი სულიერი მოძღვარი საკურთხეველში არასათანადოდ იქცეოდა.

წყაროს ცნობით, შვილისგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ დედამ სხვა მშობლებთან დაკავშირება დაიწყო. ამის შემდეგ გაირკვა, რომ სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლი შესაძლოა ერთზე მეტი არასრულწლოვანი იყოს.  

როგორც წყარო "შაბათის ეთერს" უყვება სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლი გახდა ძალოვანი უწყების თანამშრომლის სრულწლოვანი ოჯახის წევრი. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ტაძარში მივარდა,  მათი გაშველება ტაძარში შეკრებილებმა შეძლეს, თუმცა წყაროს მტკიცებით, სკანდალში გახვეული მღვდელი მრევლს აღსარების გათქმით დაემუქრა.

ირკვევა, რომ მრევლმა საჩივარი დაწერა და საპატრიარქოს ჩააბარა. მორწმუნეები თბილისის ერთ-ერთ ტაძრიდან მღვდლის გაწვევას ითხოვენ. საპატრიარქოს ზნეობის კომისია ამ ეტაპზე მეტ მტკიცებულებას ითხოვს.  დიდი ალბათობით სკანდალში გახვეულ მღვდელს და ტაძრის მრევლს საპატრიარქოში მისვლა თებერვლის ბოლოს მოუწევს. 

თავად ბრალდებების ადრესატმა "შაბათის ეთერთან" საუბარი არ ისურვა. მესანთლე კი ადასტურებს, რომ ორი კვირის წინ ჩხუბის ხმა თავადაც გაიგო. 

ნატალია ქაჯაია დეტალებით