მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლი და 19 წლის შვილი მოკლეს

04.10.26 20:29
მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლი და 19 წლის შვილი მოკლეს

მოსკოვში ბიზნესმენ და რესტორატორ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლის, 53 წლის ელენა წერეთლისა და მათი 19 წლის შვილის, დარია წერეთლის მკვლელობის საქმეზე 47 წლის თეიმურაზ გოგიაშვილი დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს მკვიდრი გოგიაშვილი ელენა წერეთლის პარტნიორი იყო და მასთან ერთად ცხოვრობდა. 

ელენა წერეთლის ცხედარი მოსკოვში, ჟულებინის ბულვარზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში დანაწევრებული იპოვეს. მედიის ცნობით, ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, რის შემდეგაც მისმა დამ სამართალდამცველებს მიმართა. ბინაში შესულმა მაშველებმა ქალის ცხედარი აივანზე აღმოაჩინეს.

გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველები თეიმურაზ გოგიაშვილის კვალზე გავიდნენ. მოგვიანებით, ახალ მოსკოვში მდებარე ავტოფარეხში, რომელიც გამოძიების ინფორმაციით გოგიაშვილს ეკუთვნოდა, ელენა წერეთლის 19 წლის შვილის, დარიას ცხედარიც იპოვეს.

გოგიაშვილი ვორონეჟის ოლქში დააკავეს და მოსკოვში გადაიყვანეს. რუსეთის საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, მისი გადაადგილების მარშრუტები ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების საფუძველზე აღადგინეს. დაკავების დროს მასთან ერთად იმყოფებოდა 40 წლის ქალი, რომლის შესაძლო მონაწილეობასაც გამოძიება ამოწმებს.

რუსული მედიის ცნობით, გოგიაშვილი რუსეთის ბინადრობის უფლებას ფლობდა. გამოძიება ორმაგი მკვლელობის საქმეზე გრძელდება.

მსგავსი სიახლეები