"ძალიან მაგარი ბიძა მომიკლეს" - ვაკეში მოკლული პენსიონერი ადვოკატ ირაკლი ღლონტის ბიძაა

18.11.26 23:16
"ძალიან მაგარი ბიძა მომიკლეს" - ვაკეში მოკლული პენსიონერი ადვოკატ ირაკლი ღლონტის ბიძაა

ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული პენსიონერი, ვახტანგ ჩიქოვანი ადვოკატ ირაკლი ღლონტის ბიძაა - ამის შესახებ უფლებადამცველი სოციალურ ქსელში წერს. 

"წარმოდგენაც კი არ მინდა შენ მკვლელს როგორ გაუძნელდება სიცოცხლე გისოსებს მიღმა, როცა გაიაზრებს ჩადენილს და სიმძიმეს" - წერს ირაკლი ღლონტი. 

ძალიან მაგარი ბიძა მომიკლეს ! კაცი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე იდგა დაჩაგრულის მხარეს ! კაცი, რომლის სიტყვა-პასუხი და საქციელი იყო მისი ყველაზე ძლიერი იარაღი ! 
ჩემი ვახტანგ ჩიქოვანი, ჩემი ოსიკი ბიძია !!!
ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, ამჯერად მთელი ქალაქის და ქვეყნის გასაგონად, ვამაყობ ბიძაჩემო შენით და წარმოდგენაც კი არ მინდა შენ მკვლელს როგორ გაუძნელდება სიცოცხლე გისოსებს მიღმა, როცა გაიაზრებს ჩადენილს და სიმძიმეს…
შენ სულს და შენ ლამაზ სიცოცხლეს შემოვევლე მე, მარადიული ხსენება შენს სულს ! ახლა გემრიელად ჩაიკრავ შენს ბადრის გულში და მარადიულად იქნებით ერთად ! მიყვარხარ და ვამაყობ შენით !"- წერს ირაკლი ღლონტი. 

ვახტანგ ჩიქოვანი ყიფშიძის ქუჩაზე კორპუსის ავტოფარეხში დღეს მოკლეს - პოლიციამ მომხდარზე 60 წლის ბიზნესმენი გელა არობელიძე დააკავა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობ მამაკაცს ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, ხოლო შემდეგ ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაპირისპირებისას დაშავდა თავად ბრალდებულიც. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.