"კომაში ჩავარდნის ზღვარზე მივედი" - ნანა სანდერის წერილი ციხიდან
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ნანა სანდერი ციხიდან ვრცელ წერილს აქვეყნებს.
წერილში ნანა სანდერი ხსნის თუ რატომ შეწყვიტა შიმშილობა, მისი თქმით, ის მშრალ შიმშილობაზე გადასვლის შემდეგ კომაში ჩავარდნის ზღვარზე მივიდა.
გთავაზობთ წერილს უცვლელად:
კომაში ჩავარდნის ზღვარზე მივედი. სეტურაცია დაეცა. შაქარი 51-ზე დამეწია. დამოუკიდებლად აბაზანიდან გამოსვლა ვეღარ შევძელი და ოფიცრებმა გამიყვანეს. მორიგე ექიმმა ხათუნა რევაზიშვილმა და ადმინისტრაციიდან დაჯიმ იბრძოლეს კომაში რომ არ ჩავვარდნილიყავი. მათ არ მიმაყვანინეს ეს ბრძოლა ბოლომდე, რომელიც გულისხმობდა ან სწრაფ სიკვდილს ან თავისუფლებას და ნელ, ტანჯვით სიკვდილზე უარის თქმას, რაც ქართველებმა მომისაჯეს, მაშინ როდესაც უდნაშაულოს დამადეს ბორკილები, მაშინ როდესაც არალეგიტიმურმა და არადამოუკიდებელმა ე.წ. საგამოძიებო უწყებამ, ე.წ. პროკურორებმა და ე.წ. მოსამართლეებმა ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გამომკეტეს ციხეში, მაშინ როდესაც ციხეში ჩემი ჯანმრთელობის პრობლემები და გაუსაძლისი ტკივილები დააიგნორეს, მაშინ როდესაც 13 იანვარს ე.წ. პროცესზე ბოლო წვეთი წყალი მოვსვი და ე.წ. პროკურორს და ე.წ. მოსამართლეს ვუთხარი აბსოლუტურ, მშრალ შიმშილს რომ ვიწყებდი უკლებლივ ყველა პოლიტპატიმრის და სინდისის პატიმრის განთავისუფლების მოთხოვნით, მანამდე კი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მოვახდინე მათი ინფორმირებულობა, ნელი სიკვდილის განაჩენი გამომიტანეს 20 იანვარს ე.წ. პროცესზე ე.წ. პროკურორმა, რომელსაც 6 პროცესის განმავლობაში ერთი მტკიცებულება არ მოუტანია, როემელიც რაღაცით მაინც გაამართლებდა არალეგიტიმური, რუსული, დეფაქტო მთავრობის მიერ წაყენებულ „ბრალს“ ჩემთან და სხვა „ბრალდებულებთან“ მიმართებაში. 13 იანვარს მოიტანა ისეთი ვიდეო მტკიცებულება, რითიც დარბაზში მყოფი იურისტები და დამსწრე საზოგადოება დაარწმუნა ჩემს უდანაშაულობაში და ზუსტად იმაში რომ პოლიტპატიმარი ვარ. ე.წ. მოსამართლე მჭედლიშვილმა ნელი სიკვდილის განაჩენს ამ დღესაც მოაწერა ხელი, როდესაც მას შეეძლო არასებული მტკიცებულებების გამო ჩემი და სხვა უდანაშაულო პოლიტპატიმრების განთავისუფლება. ის ასევე ინფორმირებული იყო ჩემს დამძიმებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე ავთანდილ სურმანიძის - შშმ პირის, ორი ქვეყნის გმირის უმძიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც ნაღმზე აფეთქდა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში და ფეხის დაკარგვის რისკი აქვს, რადგან ციხეში მასაც არ მკურნალობენ. ე.წ. მოსამართლე ასევე ინფორმირებული იყო ერთ-ერთი „ბრალდებულს“ (გთხოვთ სახელი და გვარი მოიხსენიეთ, ვინც იცით რომელია) შვილი მძიმედ ავად რომ ყავს და ღვიძლი აქვს გადასანერგი, დონორი კი თავად არის, მაგრამ არც ეს ამბავი მიუტანია მას გულთან ახლოს, მისი შვილიც გაწირა ყველა დანარჩენთან ერთად და არც ის გაათავისუფლა.
დღეს უკვე ყველა მტკიცებულება , ყველა სამხილი მაქვს რომ რუსული რეჟიმის წარმომადგენლები მხოლოდ თავისუფლებას კი არ გვართმევენ უკანონოს, არამედ სიცოცხლესაც. ისინი ღიად, პირდაპირ აწერენ უდანაშაულო პოლიტპატიმრების და ჩვენი ოჯახების სიკვდილზე ხელს. მათ არ ეყოთ გიორგი ახობაძეს და ზურა ჯაფარიძეს დედა რომ მოუკლეს, მათ არ ეყოთ ონისე ცხადაძეს და სხვა სინდისის პატიმრებს მამა რომ მოუკლეს. ისინი სისხლით გაუმაძღარნი არიან. ჩვენი სისხლი სწყურიათ, მათი, ვინც ვერაფრით გაგვტეხეს, ვერაფრით დაგვაშინეს, ვერსაიდან მიიღეს ჩვენი მხრიდან ლეგიტიმაცია, ვისაც ვერ დაგვახრევინეს ბორკილდადებულებსაც თავი, ვისაც ბორკილების დადებითაც ვერ შეაწყვეტინეს ქუჩაში უწყვეტად პროტესტი, ვინც ქიმიური იარაღით მოწამვლის, წამების, ცემის, ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ტერორის მიუხედავად ჯიუტად ბრძოლაში რჩება, ვისაც ყველა გადარჩენის წყარო გადაუკეტეს და გააღატაკეს, მაგრამ ბრძოლა ქუჩაში ვერ შეაწყვეტინეს.
სამართლიანობის იმედი ადამიანისგან რომელიც სასიკვდილოდაც კი გწირავს ვერ გექნება, რომელიც შენთან ერთად წირავს შენს დედას, მამას, ძმას, დას, შვილს, ბებიას, ბაბუას, მეგობარს, თანამებრძოლებს, მათ ოჯახებს. რობოტებში შეიძლება შეიტანო ადამიანური თვისებები, ქრისტიანული ღირებულებების დანერგვაც შესაძლებელია მათში, სამართლიანობის განცდაც შესაძლებელია მათში გააჩინო, მაგრამ ივანიშვილის ჯიბის პროკურატურაში და სასამართლოში ეს ყველაფერი გამორიცხულია, ისევე როგორც ქრისტიანული ღირებულებების გარეშე დარჩენილ დღევანდელ საქრისტიანოში, რომლისთვისაც პატიმრების წამება, სასიკვდილოდ გაწირვა სრულიად მისაღებია. ჩემთვის პირადად ყველაზე მტკივნეული კი ის არის, რომ ზუსტად ეს არალეგიტიმური, არაობიექტური, არაჰუმანური პროკურატურა და სასამართლო, „ქართულ ტერორისტულ ოცნებასთან“ ერთად და დადუმებულ, არაჰუმანურ, არაქრისტიანულ საპატრიარქოსთან ერთად, ქართველი ერის და საქართველოს სიკვდილზე ხელის მომწერები არიან.
ქართველი ერი კი არ უნდა მოკვდეს!
საქართველომ უნდა იცოცხლოს!
და საქართველო, ნამდვილი ქართული ღირებულებების ქართველებით ცოცხალია ჩვენს „პროცესებზე“. უტეხი, მებრძოლი სულის, ზეპატრიოტი, საქართველოს, ქართველი ხალხის და სინდისის/პოლიტპატიმრების განთავისუფლებისთვის მებრძოლი მარიამ მეყანწიშვილი, ავთანდილ სურმანიძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, თემურ ქურციკიძე, გიორგი მულაძე, ბექა ქელეხსაშვილი, აბო ნავერიანი, ალექსანდრე ხაბეიშვილი, ვახტანგ ფიცხელაური და მათი ადვოკატები, ჩემს ადვოკატებთან ერთად და დამსწრე საზოგადოებასთან ერთად აცოცხლებენ მას.
ბორკილებდადებული ბიჭები, რომლებსაც 9 წლამდე პატიმრობით ემუქრება რუსული ტერორისტული რეჟიმი, რომელთაც ციხეში საშინელ პირობებში ამყოფებს, პრიორიტეტულად ჩემს განთავისუფლებას რომ ასახელებენ ე.წ. მოსამართლესთან, ეს ადამიანობის გაკვეთილია. ეს არის ქართველობა. ეს არის ნამდვილი ქართველი კაცის სახე.
და ჩვენს ბიჭებთან ერთად, ადამიანობის გაკვეთილებს აბარებენ მათი ადვოკატებიც. ისინი მარიამის და ჩემი ადვოკატების ჩათვლით ძალიან ღირსეული ადამიანები არიან.
აი, ის ადამიანები, რომლებმაც იძულებული გამხადეს რადიკალური ზომებისთვის მიმემართა და აბსოლუტური შიმშილობა დამეწყო, თქვენ თავად განსაჯეთ რამდენად ღირსეულები არიან.
და რისთვის მწირავენ სასიკვდილოდ და რისთვის მსჯიან საპყრობილეში ქართველები, რომელსაც პენიტენციური ანუ მოსანანიებელი დაწესებულება დაარქვეს? ან რა მაქვს მოსანანიებელი საქართველოს და ქართველი ხალხის სიყვარული? ქართული მიწისთვის, საქართველოს სუვერენიტეტისთვის და ქართული დემოკრატიული სახელმწიფოსთვის წლობით გერმანიიდან ბრძოლა? ქართველების უფლებებისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა? რუსეთის სიძულვილი, ყველაფერ რუსულთან ერთად? უსამართლობის, ჩაგვრის წინაარმდეგ ბრძოლა? საქართველო განვითარებული, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანა რომ გახდეს, სადაც ადამიანიც და ცხოველიც დაცული იქნება, ამისთვის ბრძოლა? თუ უდანაშაულო პოლიტპატიმრების და სინდისის პატიმრების განთავისუფლებისთვის ბრძოლა? იქნებ ის სურვილია მოსანანიებელი, რაც ყველა ქართველისთვის მსურს ჰქონდეთ, იგივე უსაფრთხო, პერსპექტიული, დაცული გარემო, რაც ჩვენ გერმანიაში გვაქვს?
და რისთვის გამწირეს სასიკვდილოდ და რისთვის მსჯიან „პროკურორები“ , „გამომძიებლები“, „მოსამართლეები“, რომ მათთვისაც ღირსეული სამუშაო გარემო მსურს?მატი დამოუკიდებლობა რომ მსურს? რომ არ მინდა თავში ურტყან, აშანტაჟონ, უღირსი, უკანონო, ამორალური გადაწყვეტილებები მიარებინონ არალეგიტიმურმა თუ ლეგიტიმურმა მთავრობებმა? იმისთვის მსჯიან, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს წარმომადგენლები მინდა იყვნენ და არა ივანიშვილისგან მიტაცებული სახელმწიფოსი?
პ.ს. მადლობა ვინც გულგრილად არ დატოვეთ ჩემი ჯანმრთელობის პრობლემები. ბოდიში, რომ თქვენი ნერვიულობა მომიწია. თვეობით ვცდილობდი ადგილზე მომეგვარებინა და გარეთ არც თქვენ და არც დედაჩემს არ გაეგო, მაგრამ მეტი გზა უბრალოდ არ დატოვეს.
პ.ს. ჯანმრთელობას ვუსურვებ და მალე განთავისუფლებას მოშიმშილე უდანაშაულო პატიმრებს - ზურა მენთეშაშვილს და ზურა ჭავჭანიძეს, დანარჩენებს ვინც იზოლატორში და ზოგიც ციხეში შიმშილობს და რაღა თქმა უნდა უკლებლივ ყველა სინდისის და პოლიტპატიმარებს," - წერს ნანა სანდერი.
ცნობისთვის, ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.