სასახლის ღობის საქმე მტკიცებულებების გარეშე - მოსამართლემ ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა

27.01.26 18:16
სასახლის ღობის საქმე მტკიცებულებების გარეშე - მოსამართლემ ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა

სასახლის ღობის საქმე მტკიცებულებების გარეშე - კადრებში, რომელიც დღევანდელ სხდომაზე გამოიკვლიეს, არ ჩანდა, რომ რომელიმე ბრალდებული სასახლის ღობის გადანგრევას ცდილობდა.

ვიდეო მასალიდან მხოლოდ ის გაირკვა, რომ აქციის მონაწილეები ორბელიანის მოედანზე იმყოფებოდნენ. სიტყვის უფლებით ისარგებლა  პატიმარმა ნანა სანდერსმაც, რომელიც ამტკიცებდა, რომ უდანაშაულოა და მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.  

მოსამართლემ ყველა პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

არცერთ კადრში არ ვარ, ამ ეტაპზე გამოკვლეულში, შემდეგ ეტაპზე რაც იქნება არ მაქვს ნანახი და ჯერჯერობით არ ვიცი, სადმე თუ ვფიგურირებ. რაც შეეხებათ სხვა ბრალდებულებს და უკანონო პატიმრებს, მატ შემთხვევაშიც ბევრი უზუსტობაა და ჰაბიდოსკოპურმა გამოკვლევამ კიდევ ერთხელ დააზუსტა. თავად ექსპერტები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, ეს არის და არ აქვთ მტკიცებით ფორმაში გადაწყვეტილება, რომ ესენი ეს ადამიანები არიან, - განაცხადა მარიამ მეყანწიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დასაშვებად ცნო ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა.

 შემდეგი სხდომა 3 თებერვალს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

  • ცნობისთვის, ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.
  • ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.