ნანა სანდერი პროკურორს: ერთი მტკიცებულება არ მოგიტანიათ, მართლა აბსურდში ხართ
"ერთი მტკიცებულებაც კი არ მოგიტანიათ, 64 ადამიანი დააკავეთ ხომ, ერთი ადამიანი მაინც მითხარით, ვისთანაც რაღაცა ტიპის კომუნიკაცია მქონდა" - ამ სიტყვებით მიმართა სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა პროკურორს.
დაკავებული ქალი აქტივისტის გაღიზიანება ბრალდების მხარის წარმომადგენლის რეპლიკამ გამოიწვია რომელიც სასამართლო პროცესზე ამტკიცებდა, რომ 4 ოქტომბერს "ყველას ფუნქცია ჰქონდა გადანაწილებული.
სანდერსმა ამ შემთხვევაშიც მტკიცებულება მოითხოვა:
თქვენ მართლა აბსურდში ხართ, როდესაც ირაკლი კობახიძე საუბრობდა, რომ სიურპრიზს გიმზადებთო, სიურპრიზი აღმოჩნდა ის რაც გადხვდა ადგილზე - გადაჭრილი ღობე.
სიურპრიზი იქნებოდა იცით რა? - მანამდე, სექტემბრის ბოლოს, აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია ონლაინ, ის, რომ 4 ოქტობრის აქციის მონაწილეების გასაშავებლად აპირებდნენ ზუსტად, ანუ ერთი ადამიანისგან არ იყო ეს საუბარი, პოლიციელის, ან სპეცრაზმელის მოკვლას.
ეს ინფორმაცია წინა დღისით იყო, თუ არ ვცდები, როდესაც პოლიციელი ყელში დაჭრა დანით. იქამდე კი მოძალადე მისული იყო დანით აქციის მონაწილეებთან... გამოაგდეს აქციიდან, შემდეგ დაჭრა დანით ეს ადამიანი, და მაგასაც თქვენი გამომძიებლები აქციის მონაწილეებს აბრალებდნენ"- თქვა სანდერმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 12 პირის პროცესი მიმდინარეობს.
- ცნობისთვის, ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.
- ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.