იურიდიული დახმარების სამსახურის მთავრობაზე დაქვემდებარება, ადვოკატების დამოუკიდებლობაზე ნეგატიურად აისახება - ფანცულაია
ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, გიორგი ფანცულაია ფიქრობს, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის მთავრობაზე დაქვემდებარება, ადვოკატების დამოუკიდებლობის ხარისხზე ნეგატიურად აისახება.
ფანცულაიას თქმით, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა ინტერესთა კონფლიქტიც წარმოშვას, რადგან იურიდიული დახმარების სამსახურის პოლიტიკის წარმართვა გადადის იმ უწყების ხელში, რომელშიც წარმოდგენილები არიან პროკურორები, სასამართლსო წარმომადგენლები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მოხდება ადვოკატების და ამ უწყების დაქვემდებარება უშაულოდ პრემიერ-მინისტრზე, რაც მათ დამოუკიდებლობის ხარისხზე აისახება ნეგატიურად. ის საბჭო, რომელსაც ირჩევს ხელმძღვანელი და ამ სამსახურის პოლიტიკას წარმართავს, ამ უწყებაში იქნება გენერალური პროკურორი, ამ უწყებაში იქნება სასამართლოს წარმომადგენელი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმ ფორმით წარმოდგენილები, რომელიც რაოდენობირად არ მისცემს საშუალებას დამოუკიდებლობის ხარისხი შეინარჩუნონ - ეს ერთი და მეორე, ასეთ დროს შეიძლება წარმოიშვას ინტერესთა კონფლიქტი. ეს ამ სამსახურის დამოუკიდებლობისთვის არ იქნება წინგადადგმული ნაბიჯი და პლუს ამას, ეს რეფორმა არამც და არამც არ უნდა განხორციელდეს ადვოკატთა ასოციაციის ჩართულობის გარეშე და ისე, რომ ადვოკატთა ასოციაციის პოზიცია არ იქნას მოსმენილი და გაზიარებული", - ამბობს გიორგი ფანცულაია.
ასევე ნახეთ:
იურიდიული დახმარების სამსახური ირაკლი კობახიძის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება. იურიდიული დახმარების სამსახური მოქმედი კანონით თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, არც ერთ სახელმწიფო ორგანოს არ ექვემდებარება და ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი "ოცნების" პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.
ცვლილების შემდეგ სამსახურის ხელმძღვანელი ვალდებული იქნება ყოველწლიური ანგარიში პარლამენტის ნაცვლად, ირაკლი კობახიძეს წარუდგინოს.
ამასთან, სწორედ კობახიძეს ენიჭება სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება.