ადვოკატების პროტესტი კანცელარიასთან
ადვოკატების პროტესტი მთავრობის კანცელარიასთან - უფლებადამცველების თქმით, "ოცნების" საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც იურიდიული დახმარების სამსახური ირაკლი კობახიძის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება, ადვოკატების დამოუკიდებლობას შეზღუდავს.
როგორც ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ამბობს, ახლა აუცილებელია, რომ ადვოკატთა კორპუსი ერთად დადგეს.
დღეს დაიწყო პროცესი ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, რომ საქართველსო ადვოკატთა კორპუსი გადაიყვანოს იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში. ადვოკატს ლიცენზიას მისცემს იუსტიციის მინისტრი, ჩამოართმევს იუსტიციის მინისტრი. სახელმწიფო ადვოკატის ინსტიტუტში დღეს გაერთიანებულები არიან ადვოკატთა ასოციაციის წევრები. ეს 20% იქ მიჰყავთ და შემდეგ ყველას გადაგვიყვანენ. ეს არის საშიში ფაქტი და ყველა უნდა დავდგეთ ერთად", - აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.
იურიდიული დახმარების შესახებ კანონის ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ უკვე მიმართა საქართველოს პარლამენტს და მოითხოვა პროცესში ჩართულობა.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ საკითხის განხილვაში აუცილებელია ჩართული იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ყოველგვარი რისკების აღმოფხვრის მიზნით", - ამბობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ლევან მახარაშვილი.
ასევე ნახეთ:
იურიდიული დახმარების სამსახური ირაკლი კობახიძის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება. იურიდიული დახმარების სამსახური მოქმედი კანონით თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, არც ერთ სახელმწიფო ორგანოს არ ექვემდებარება და ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი "ოცნების" პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.
ცვლილების შემდეგ სამსახურის ხელმძღვანელი ვალდებული იქნება ყოველწლიური ანგარიში პარლამენტის ნაცვლად, ირაკლი კობახიძეს წარუდგინოს.
ამასთან, სწორედ კობახიძეს ენიჭება სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება.