ექსკლუზივი: “პირველებმა“ რესტორანში პოლიციელზე თავდასხმის კადრები მოიპოვა [ვიდეო]
“პირველებმა“ მოიპოვა ექსკლუზიური კადრები, რომელიც ოზურგეთში, რესტორან "ილიკოში" პოლიციელზე თავდასხმას ასახავს.
სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში ჩანს, როგორ ურტყამს საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე მოქმედ პოლიციელს. დასისხლიანებულ გოგა ჯინჭარაძეს “ოცნების“ წარმომადგენელი და მისი თანმხლები პირები წაქცეულსაც სცემენ.
“პირველების“ მიერ მოპოვებული კადრებიდან ირკვევა, რომ რესტორან “ილიკოში“, ნათლობის სუფრაზე, სადაც ნათლია თავად დავით შარაშიძე იყო, მომხდარი ინციდენტის დროს, დავით შარაშიძე გამეტებით ურტყამს ჯინჭარაძეს. ამავე კადრებში კარგად ჩანს, როგორ იწყება კონფლიქტი რესტორნის აივანზე. შარაშიძე დგას ლუკა ჩხიკვაძესთან ერთად, რომელიც, როგორც გაირკვა კანონიერი ქურდის შვილია. ასევე ირკვევა, რომ ჩხიკვაძეს გასულ ზაფხულში 2 ადამინისტრაციული შემთხვევა ჰქონდა, როდესაც პოლიციელებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. კადრებში ჩნდება მესამე პირი, დავით სიმონიშვილიც, რომელიც ასევე ურტყამს ჯინჭარაძეს. 3 წუთის განმავლობასი სცემს 3 ადამიანი 1 პოლიციელს და შემდეგ, წაქცეულსაც კი წიხლებით უსწორდებიან.
აღნიშნული ვიდეო კადრებიდან ნათელი ხდება, რომ სასამართლო პროცესზე, შარაშიძე, რომელიც ამტკიცებდა, რომ მოჩხუბრების გაშველებას ცდილობდა, ტყუის.
ცნობისთვის, ნათლობის სუფრაზე კონფლიქტი "ქურდული სამყაროს" მხარდაჭერის გამო დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელის ჯგუფურად ცემის ბრალდებით დაკავებულ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. ორი ბრალდებული ლუკა ჩხიკვაძე და დავით სიმონიშვილი კი წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს.