ტრანსგენდერი ქალის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს

03.11.21 13:07
ტრანსგენდერი ქალის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს

38 წლის ტრანსგენდერი ქალის მკვლელობაში ბრალდებული 23 წლის სპორტსმენი დუმილის უფლებას იყენებს. როგორც ვაჩე ცაკაშვილის ადვოკატმა, გოგა ბოგვერაძემ "ტვ პირველს" განუცხადა, დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. 

ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს და დუმილის უფლებას იყენებს. ეს რაც შეეხება იმას, რომ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობითაა დაწყებული, თუმცა დღეს უკვე დანამდვილებით გვეცოდინება 108-ე მუხლია თუ სხვა დამამძიმებელი გარემოება.

კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც განზრახ მკვლელობას დაადასტურებდა, საქმეში არ არის, თუმცა ბრალდების მხარეს შეუძლია კვლავ წარმოადგინოს მტკიცებულებები და ერთობლიობაში ვინმეს გაუჩნდეს ვარაუდი, განზრახ მკვლელობისა. დანარჩენ დეტალებთან დაკავშირებით მას საუბარი არ სურს"- აცხადებს ცაკაშვილის ადვოკატი. 

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის ბრალდებით 23 წლის კალათბურთელია დაკავებული.

გამოძიების ინფორმაციით, ვაჩე ცაკაშვილმა 38 წლის ტაილანდის მოქალაქეს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.